07 აპრილი 2020,   01:20
ვრცლად
TI : აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" პროკურატურისგან აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტების გამოძიებას ითხოვს. 
არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავს აჭარის უმაღლეს საბჭოსაც და მათ საჯარო განხილვის მოწყობას სთავაზობს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე მათი ეჭვი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობის შესახებ დასტურდება და მოუწოდებენ ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოსა და მენეჯმენტს, შეწყვიტოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ჟურნალისტების დამოუკიდებელი საქმიანობის შეზღუდვას.

"მოვლენების ასეთმა განვითარებამ ცხადყო, რომ მიმდინარე ცვლილებების მიზანი ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა. სამწუხაროა, რომ მრჩეველთა საბჭოს მმართველი პარტიის კვოტით არჩეული წევრები საკუთარი ქმედებებით ხელს უწყობენ ტელევიზიაში არსებული სიტუაციის დამატებით ესკალაციას და არ იცავენ ჟურნალისტების უფლებებს.

მოვუწოდებთ ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოსა და მენეჯმენტს, შეწყვიტოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ჟურნალისტების დამოუკიდებელი საქმიანობის შეზღუდვას და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას. მოვუწოდებთ, საქართველოს პროკურატურას გამოიძიოს ჟურნალისტებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები, ხოლო  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დაინტერესდეს ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებით და მოაწყოს საჯარო განხილვა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" აქტიურად აკვირდება აჭარის ტელევიზიის გარშემო მიმდინარე პროცესებს, სოლიდარობას უცხადებს ყველა თანამშრომელს, რომელიც საკუთარი უფლებებისა და პროფესიული ღირსებისათვის იბრძვის და მზად არის, შესაბამისი სამართლებრივი დახმარება გაუწიოს ჟურნალისტებს," - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები