05 აპრილი 2020,   03:40
ვრცლად
თბილისი თუ სტრასბურგი - სად გაიმართება მაისში დაგეგმილი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა, დღეს გახდება ცნობილი

თბილისი თუ სტრასბურგი - სად გაიმართება მაისში დაგეგმილი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა, დღეს გახდება ცნობილი. ამ საკითხზე გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების შეხვედრაზე უნდა მიიღონ.

თბილისის გარდა ევროსაბჭოს მინისტერიალის ჩატარების შესაძლო ადგილად სტრასბურგი მას შემდეგ დასახელდა, რაც გაირკვა, რომ დიდი ალბათობით, რუსულ დელეგაციას სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.

რუსეთის მთავარ დიპლომატს კი "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული. ლავროვის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლას საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. 

"ის, რომ გავრილოვის დამპატიჟებელი მასპინძელი მთავრობის მიმართ საზოგადოება უნდობლობით არის განწყობილი, ეს ბუნებრივია. როცა მინისტრი, უმაღლესი თანამდებობის პირი ჩადის რომელიმე ქვეყანაში, ეს თავისთავად მოვლენაა. ასე, რომ ოკუპაციის კანონს რომ თავი დავანებოთ, ასეთი მოვლენისთვის არანაირი წინაპირობა საქართველო-რუსეთს ურთიერთობებში, არ არსებობს,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” მდივანმა, გიორგი კანდელაკმა. 

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ თუკი რუსეთი ისეთ დელეგაციას გამოგზავნის, რომლის წევრებსაც ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ აქვთ, შესაძლებელია, ღონისძიების საქართველოში ჩატარება. 

"ეს არის ჩვენი უფლება და ვალდებულება, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის და ჩვენ არ უნდა მივცეთ რუსეთის დელეგაციას უფლება, რომ შეიძლება ითქვას, ვეტო დაადოს ამ ღონისძიების ჩატარებას საქართველოში. თუ რუსეთი წარმოაგზავნის ისეთი დონის წარმომადგენლობას ამ ღონისძიებაზე, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ადამიანებით, რომლებსაც არ აქვთ დარღვეული კანონი ოკუპაციის შესახებ, შესაძლებელია, რომ ღონისძიება ჩატარდეს საქართველოში,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი, საკითხთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს ადმინისტრაციასთან დიალოგს აგრძელებს და პასუხი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

"ბატონი დავით ზალკალიანი აგრძელებდა მოლაპარაკებას ევროსაბჭოს ადმინისტრაციასთან და როგორც ჩემთვის ცნობილია, ხვალ გვეცოდინება პასუხი ამაზე. ერთმნიშვნელოვანი საკითხია, კანონი უნდა დავიცვათ ყველამ, დანარჩენი ხვალ იქნება ცნობილი,“ - განაცხადა გუშინ ირაკლი სესიაშვილმა.

დღის ამბები