05 აპრილი 2020,   03:23
ვრცლად
25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციიდან 99 წელი გავიდა

99 წლის წინანდელი მოვლენები დღეს, ტრადიციულად, ისტორიული ბრძოლის ეპიცენტრთან შეკრებით დაიწყო. კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან პოლიტიკოსები გვირგვინებით მივიდნენ. მათ დღევანდელ რეალობასა და 1921 წლის მოვლენებს შორის პარალელები გაავლეს.

ევროპა საქართველოს 1921 წელსაც ეხმარებოდა და ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია, საფრანგეთის ფლოტის მონაწილეობა ბრძოლებში. პარტია "ევროპულმა საქართველომ" დღეს საკრებულოს მიმართა და მოითხოვა, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ჯავშნოსანი კრეისერის "ვალდეკ-რუსოს“ სახელი ეწოდოს, გემის, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ომში საქართველოს მხარეს იბრძოდა.

"ევროპული საქართველო" დღეს კიდევ ერთი ინიციატივით გამოვიდა - იუნკერი შალვა ერისთავი ეროვნულ გმირად გამოცხადდეს.

კვლევითი ინსტიტუტის შექმნის იდეა გაასაჯაროვა "ლელომ". პარტია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ისტორიის კვლევა პრიორიტეტად გამოაცხადოს და გახსნას არქივები.

საბჭოთა ოკუპაციის შესახებ მთაწმინდის პანთეონში ისაუბრა შალვა ნათელაშვილმა. "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერმა თანაგუნდელებთან ერთად გვირგვინით შეამკო ქაქუცა ჩოლოყაშვილის საფლავი. 

დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით, გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საქართველოს პრეზიდენტმა საგამოფენო სივრცე გახსნა, სადაც ქართული საბრძოლო იარაღი და აღჭურვილობაა წარმოდგენილი. 

საქართველოში სამხედრო სფეროს განვითარებისთვის უპრეცედენტო დახმარებას განაგრძობენ პარტნიორები, მათ შორის აშშ.

"ამერიკა საქართველოს გვერდით დგას მძიმე ბრძოლით მოპოვებული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად", - ასე გამოეხმაურა საბჭოთა ოკუპაციის 99 წლისთავს ვაშინგტონის დიპლომატიური წარმომადგენლობა.

პარლამენტის 2010 წლის დადგენილებით, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა. მას შემდეგ, ყოველი წლის 25 თებერვალს ქვეყნის მასშტაბით და მსოფლიოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

ზუსტად 99 წლის წინ, კოჯრის და ტაბახმელას მისადგომებთან, წითელი არმიის იერიში, თბილისის აღებით, ხელისუფლების დამხობით და საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიით დასრულდა.

დღის ამბები