02 აპრილი 2020,   23:32
ვრცლად
კორონავირუსის საფრთხე - ირანთან მიმოსვლა, საქართველოს მთავრობამ, შესაძლოა სახმელეთო საზღვარზეც გაამკაცროს 

საქართველოს ხელისუფლება ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან საჰაერო მიმოსვლას დროებით აჩერებს.

გადაწყვეტილება ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის გაზრდის შემდეგ მიიღეს.

მომაკვდინებელი ვირუსის ინტენსიურად გავრცელების გამო ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს ირანში მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

ფრენების დროებით შეჩერების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ირანულ ავიაკომპანიებს უკვე აცნობა.

საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად მისაღებ ზომებზე ისაუბრა დღეს პრემიერ-მინისტრმაც.

საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტამდე კი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თეირანის რეისიდან ჩამოფრენილ ირანის ოთხ მოქალაქეს ღამის გატარება ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოუწია.

აეროპორტში შემოწმების შემდეგ მათ მაღალი ტემპერატურა დაუდგინდათ, თუმცა ლაბორატორიულმა კვლევამ და დაკვირვებამ, როგორც კორონა, ისე "ა" და "ბ" ტიპის ვირუსი გამორიცხა.

როდის აღდგება ირანთან საჰაერო მიმოსვლა ჯერჯერობით უცნობია. სასიკვდილო ინფექციის აღმოსავლეთ რეგიონში გავრცელების პარალელურად საქართველოს ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ კონტროლი სახმელეთო საზღვრებზეც გამკაცრდეს.

ამ დროისთვის დაკვირვების ქვეშ ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს 34 მოქალაქე რჩება. ისინი ორკვირიან კარანტინს საჩხერის საავადმყოფოში გაივლიან.

დღის ამბები