29 მაისი 2020,   10:04
ვრცლად
კორონავირუსის გამო დახურული დაწესებულებები, სასწავლებლები, სამლოცველოები და დაკეტილი საზღვრები - WHO-ს პროგნოზი ნეგატიურია

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 2 ადამიანი დაიღუპა. ეს ევროპაში ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. დღეს იტალიის ორ რეგიონში დაავადება ერთდროულად კიდევ 16 ადამიანს დაუდგინდა. მათ შორის 5 ექიმია, საერთო ჯამში ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების 30 შემთხვევაა გამოვლენილი. ქალაქებში, სადაც ვირუსი დაფიქსირდა, სასწავლო დაწესებულებები დაიხურა.

"ჩვენ ვცდილობთ ყველა ინფიცირებულის იდენტიფიცირებას, ასევე ვადგენთ, თუ ვისთან ჰქონდათ ვირუსით დაავადებულებს კონტაქტი. სამწუხაროდ დაინფიცირების შემთხვევები უფრო და უფრო მატულობს," - აცხადებს ლომბარდიის საბჭოს წევრი, ჯულიო გალერა.

მკვლელმა ვირუსმა მსოფლიოში უკვე 2360 ადამიანი იმსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობა 78 ათასს აღწევს. ვირუსის კიდევ ახალი 142 შემთხვევა დადასტურდა სამხრეთ კორეაში, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 346-ს მიაღწია, ვირუსს უკვე 2 ადამიანი ემსხვერპლა. მთავრობის გადაწყვეტილებით სეულში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები დროებით დაიხურა. 

"ინფიცირებულთა გაზრდილი რაოდენობის გამო, დაავადებულთა რიცხვი 346-ს აღწევს. თუმცა ჩვენმა მედიკოსებმა ვირუსისგან 17 ადამიანი განკურნეს. პოზიტიური მაჩვენებლის მიუხედავად ქვეყანაში დაფიქსირებულია კოვიდ-19-ისგან გარდაცვალების 2 შემთხვევა. იქიდან გამომდინარე, რომ ვირუსი საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მალე ვრცელდება. მთავრობა ზოგიერთ რეგიონში უსაფრთხოების შესაბამის ზომებს იღებს," - აღნიშნავს სამხრეთ კორეის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, კიმ კანგლიპი.

კორნავირუსის საფრთხის გამო, ინციდენტი მოხდა უკრაინაში. ქალაქ ნოვიე სანჟარიში ჩინეთიდან ჩაყვანილ მგზავრებს ადგილობრივები თავს დაესხნენ. დაპირისპირების გამო ქალაქში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანა გახდა საჭირო. აქციაზე შეკრებილები აცხადებდნენ, რომ ჩინეთიდან უკრაინელების ევაკუაცია ქალაქში კორონავირუსის გავრცელებას გამოიწვევდა. დემონსტრანტებმა ავტობუსებს ქვები დაუშინეს, საბურავები დაწვეს და ბარიკადები აღმართეს.

ოფიციალური კიევის ცნობით, ევაკუირებულებს კოვიდ-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვთ, თუმცა სავალდებულო 2-კვირიან კარანტინს მაინც გაივლიან. ჩინეთიდან ევაკუირებულებს სოლიდარობა გამოუცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში მათთან ერთად იზოლაციაში დარჩება. მომხდარს გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტიც. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს ევროპული ღირებულებები შეახსენა და აქციის ორგანიზატორების დასჯის პირობა დადო.

"მუდმივად ვამბობთ, რომ ევროპა ვართ, რომ უკრაინა ევროპაა. ზოგიერთ მომენტში შთაბეჭდილება რჩება, რომ ჩვენ შუა საუკუნეების ეპოქის ევროპა ვართ. არ დავივიწყოთ, რომ ჩვენ ადამიანები ვართ. ჩვენ ბრბო ვართ თუ ერთიანი ხალხი? ჩვენ ჯოგი ვართ თუ ერი? გამოცდები ჩვენ არაერთხელ წარმატებით ჩავაბარეთ. კორონავირუსთან და ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებასთან დაკავშირებული ისტორია საზოგადოებისთვის მორიგი გამოცდაა," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 

"შემაშფოთებელი მდგომარეობა" - ასე უწოდა ირანის ჯანდაცვის უწყებამ ქვეყნაში ვირუსის გაზრდილ სტატისტიკას. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კორონავირუსი სავარაუდოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გავრცელებული. თუმცა, ეპიცენტრი ქალაქი ყუმია. უწყება ყუმში მცხოვრებლებს მოუწოდებს, რელიგიურ ღონისძიებებზე დასწრებისგან თავი შეიკავონ. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ახალმა ვირუსმა 5 ირანელი უკვე იმსხვერპლა.

კორონავირუსის გამო ერაყი ირანთან საზღვარს კეტავს, შეზღუდვებს აწესებენ ლიბანი და თურქეთიც. ვირუსის პრევენციის მიზნით ირანთან ავიამიმოსვლა დროებით შეაჩერა ქუვეითმაც. დღეს უხანში, რომელიც ვირუსის გავრცელების ეპიცენტრია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯგუფი ჩადის. მისია აქამდე მხოლოდ პეკინსა და ჩინეთის კიდევ ორ ქალაქში მუშაობდა. გაზრდილ სტატისტიკური მონაცემებზე დაყრდნობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კი საგანგაშო გაცხადებას აკეთებენ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამორიცხული არაა ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლო პროცესი შეწყდეს. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი სამედიცინო დაწესებულებებს დამატებით საჭირო აღჭურვილობით ამარაგებს. შტატებში კორონავირუსით 34 ადამიანია დაინფიცირებული, აქედან 21 უხანიდან და იაპონიაში შეჩერებული საკრუიზო ხომალდიდან ევაკუირებული ამერიკელია.

"ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ ვირუსის გავრცელებას ამერიკის დასახლებებში, თუმცა შესაძლებელია და სავარაუდოც კი, რომ ეს საბოლოოდ მოხდეს. ჩვენი მიზანია ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შენელება. ეს გვაძლევს ჩვენ მეტ დროს, რათა მოვემზადოთ უფრო მძიმე სცენარისთვის,"- განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენელმა, ნენსი მესონიემ.

ახალი კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდი შესაძლოა, იმაზე გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე აქამდე ექიმებს ეგონათ. ჩინეთში აცხადებენ რომ 70 წლის მამაკაცი კორონავირუსით დაინფიცირდა, თუმცა სიმპტომები მას მხოლოდ 27 დღის შემდეგ გამოუვლინდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საინკუბაციო პერიოდი შესაძლოა, 14 დღეზე მეტი იყოს. კორონავირუსზე კითხვები უფრო მეტია ვიდრე პასუხები მათ შორის აქტიური მუშაობა მიმდინარეობს კოვიდ-19-ის ვაქცინის შექმნაზეც. თუმცა, ჯერჯერობით უშედეგოდ.

დღის ამბები