02 აპრილი 2020,   22:53
ვრცლად
ჩინეთიდან ჩარტერული თბილისში ზუსტად 23:00 საათზე ჩამოფრინდება - საქართველოს მოქალაქეები 2 კვირიან კარანტინს გაივლიან

ამ წუთებში თბილისის აეროპორტში ელოდებიან თვითმფრინავს, რომელიც სპეციალურ რეისს ასრულებს ჩინეთიდან.

ბორტზე იმყოფება საქართველოს 34 მოქალაქე, რომლებმაც თავის დროზე ვერ მოახერხეს გამოსვლა ქვეყნიდან, სადაც კორონავირუსის აფეთქება მოხდა.

ისინი საქართველოში ჩინეთის სხვადასხვა ქალაქიდან ბრუნდებიან, ყველას უკვე გავლილი აქვს შემოწმება ვირუსზე ჩინეთში, თუმცა მათ თბილისის აეროპორტშიც შეამოწმებენ.

ევაკუირებულ მოქალაქეებს 2-კვირიანი კარანტინის გავლაც მოუწევთ.

ჩარტერული რეისი თბილისის აეროპორტში ზუსტად 23:00 საათზე იქნება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი აცხადებს, რომ ეს 34 მოქალაქე ჩინეთში დარჩა, რადგან ფრენები უამრავმა ავიაკომპანიამ შეაჩერა, დანარჩენებმა კი ფასები გაზარდეს.

"ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც, სამწუხაროდ, საშუალება არ აქვთ, რომ ბილეთი შეიძინონ, რადგან უამრავმა ავიაკომპანიამ გააუქმა ფრენები, დანარჩენებმა კი ამ შემთხვევით ისარგებლეს და გააძვირეს ფრენები. ჩვენ გამოვიყენეთ შესაძლებლობა და როდესაც "ჰუალინგმა" გაგზავნა ჩინეთში ტვირთი, ჩინეთის მთავრობას ვთხოვეთ, რომ იმავე რეისით ჩამოგვეყვანა საქართველოს მოქალაქეები,"- განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

ავიაკომპანია Myway Airlines-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თამუნა ქობულაშვილი აცხადებს, რომ ავიაკომპანიამ მზადყოფნა გამოთქვა, ჩინეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები ჩამოეყვანა საქართველოში.

"საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით ავიაკომპანია Myway Airlines-მა ჰუმანიტარული რეისი შეასრულა, ფრენის მიზეზი იყო ტვირთის გადატანა, რეისის დაგეგმვის პროცესში საქართველოს საელჩომ მიმართა ავიაკომპანიას და დახმარება გვთხოვა, რომ საქართველოს მოქალაქეები ჩამოგვეყვანა. ავიაკომპანიამ მზადყოფნა გამოთქვა და შესაბამისად, დავეხმარეთ ამ ადამიანებს, რომ საქართველოში ჩამოსულიყვნენ,"- განაცხადა თამუნა ქობულაშილმა.

დღის ამბები