05 აპრილი 2020,   03:51
ვრცლად
ფემიციდის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე ჩანაწერის გაკეთებას ითხოვს მესამე სექტორი

საქართველოში ფემიციდის მზარდი სტატისტიკის გამო, მესამე სექტორში სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდის შესახებ ცალკე ჩანაწერის გაკეთებას ითხოვენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, ამ ფორმით შესაძლებელი იქნება სტატისტიკის დაზუსტება - რამდენ ქალზე იძალადეს საქართველოში გენდერული ნიშნით.

"განმარტება ფემიციდი კანონში არ გვაქვს და ამის შესახებ არ არის ნება. როდესაც პარლამენტს მივმართეთ, არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა. დღეს გვაქვს პრობლემა პრაქტიკაში, რადგან გენდერული ნიშანი და გენდერული მოტივის გამოკვეთა რთულდება და რეალურად ვერ ხერხდება. ამ კუთხით დაკვალიფიცირება არ მიმდინარეობს," - აღნიშნა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელმა ნინო ჩიხლაძემ.

ფემიციდის საკითხი მნიშვნელოვანია დეპუტატებისთვისაც. მათი თქმით, კანონმდებლობის გარდა ამ მიმართულებით სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიის ჩატარებაც აუცილებელია და საკითხს კომპლექსური მიდგომა ესაჭიროება. 

"მე მგონია, რომ მაინც უნდა დავუბრუნდეთ იმ საკითხს, როდესაც იყო მსჯელობა, რომ იყოს ცალკე ფორმულირება კანონმდებლობაში, იყოს უფრო მკაცრი რეგულაცია და ჩანაწერი, მეორეს მხრივ ამ ყველაფერს სჭირდება არამხოლოდ საკანონმდებლო ცვლილება, არამედ ეროვნული მასშტაბით დიდი კამპანია," - განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატმა ეკა ბესელიამ.

"ეს არის დანაშაულის ერთ-ერთი მძიმე და შემაშფოთებელი ფორმა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა გადადგა ქმედითი ნაბიჯები ამ კუთხით, ვფიქრობ საკითხს კომპლექსურად უნდა მივუდგეთ და აქედან გამომდინარე მზად ვართ ნებისმიერი წინადადების მოსასმენად," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები