05 აპრილი 2020,   04:28
ვრცლად
ფინანსთა მინისტრს დღეს პარლამენტში ელოდებიან - სხდომა ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ჩაივლის

მინისტრის საათის ფორმატში დღეს საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მივა. მაჭავარიანი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. 

სესია კვლავ ოპოზიციის ბოიკოტის რეჟიმში ჩაივლის.

როგორც ოპოზიციაში ამბობენ, ქვეყნის ბიუჯეტი არამიზნობრივად იფლანგება და ხალხის პრობლემებზე მორგებული არ არის.

"დღეს ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ განხილვაში. ჩვენი შეფასება ძალიან მკაცრია, ვინაიდან ბიუჯეტი, რომელიც 15 მილიარდი ლარის ოდენობისაა, იფლანგება. ხმარდება "ქართული ოცნების" პარტიულ ბიუროკრატიას და არის უამრავი ისეთი ხარჯი, რომელიც არის პირდაპირ ამოღებული ადამიანების ჯიბეებიდან", - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ.

"მაჭავარიანი, ისევე როგორც მთავრობის ნებისმიერი წევრი, საერთოდ არ ინტერესდება ხალხის პრობლემებით. მათ არც აინტერესებთ, თუ რამდენად გაურთულა "ქართულმა ოცნებამ" ხალხს ცხოვრება. ერთადერთი მთავარი ამოცანა ჩვენი ქვეყნისთვის რჩება, ისინი დროულად ჩამოსცილდნენ ხელისუფლებას," - განმარტა განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

უმრავლესობაში კი მინისტრის გამოცდილებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ყველა საკითხი დეტალურად იქნება განხილული.

"ყველა მიმართულებით იქნება საუბარი. საგადასახადო კუთხით, საბაჟოზე არსებული სიტუაცია, ასევე ის რეფორმები, რომელიც მიმდინარეობს ფინანსთა სამინისტროს ყველა დეპარტამენტში," - აღნიშნა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

დღის ამბები