05 აპრილი 2020,   04:52
ვრცლად
საქართველოს სენატის მაღალჩინოსანი სტუმრობდა - კრის სოჩამ გამართულ შეხვედრებზე პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელის კრის სოჩასთან ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მედიისთვის უცნობი იყო.

საელჩოს ინფორმაციით, კრის სოჩამ შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან, პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა.

მათივე ცნობით, შეხვედრებისას განხილული იყო საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება. დიპლომატმა ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ოკუპაციაზეც ისაუბრა.

"თბილისს ეწვია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი კრის სოჩა. ის შეხვდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემოს განსახილველად.

ყველა შეხვედრაზე ბატონმა სოჩამ ხაზი გაუსვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. მან შეხვედრებზე კონკრეტულად წამოჭრა საკითხი რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებაზე.

ბატონმა სოჩამ აგრეთვე, ისაუბრა საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტების პრობლემებზე და ჩამოიტანა სენატის კომიტეტის თავმჯდომარის სენატორ ჯიმ რიშის მკაფიო გზავნილი იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, თუმცა, სახელმწიფო ორგანოებმა პატივი უნდა სცენ ყველას პოლიტიკურ უფლებებს და განაგრძონ ანგარიშვალდებულების სისტემის განმტკიცება, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლების ძალაუფლების სათანადო შეზღუდვას," - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

დღის ამბები