05 აპრილი 2020,   04:03
ვრცლად
"ქართული ოცნების" ხელისუფლების მუდმივ ლაქად დარჩება - ოპოზიცია მერაბიშვილზე

ყოფილი პრემიერისა და ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას პოლიტიკოსები აფასებენ. როგორც ოპოზიციაში აღნიშნავენ, მერაბიშვილის 7 წლიანი პატიმრობა "ქართული ოცნების" ხელისუფლების მუდმივ ლაქად დარჩება. ჩაერთვება თუ არა მერაბიშვილი პოლიტიკურ ცხოვრებაში ამის შესახებ ოპოზიცია არ საუბრობს. მმართველი გუნდის წევრების თქმით კი, მერაბიშვილის პოლიტიკური აქტივობის შემთხვევაში მისი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან დაბალია. 

"ვანო მერაბიშვილი 7 წლიანი პოლიტიკური ტუსაღობის შემდეგ საპატიმროს ტოვებს. ევროსასამართლომაც დაადგინა და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლაქა ამ ხელისუფების მოღვაწეობის ისტორიაში. ვანო მერაბიშვილი თვითონ გააკეთებს მალე განცხადებებს მისი პოლიტიკური გეგმების შესახებ. ჩვენ მანამდე არ ვაპირებთ რაიმე კომენტარის გაკეთებას," - განაცხადა ევროპული "საქართველოს წევრმა" სერგი კაპანაძემ.

"ჩვენთვის არ არის ცნობილი მისი გეგმების შესახებ. კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობ, ამიტომ მივიჩნევ, იმსახურებს, რომ როგორც მინიმუმ დაველოდოთ მის კომენტარებს და განმარტებებს. მძიმე პირობებში მოუწია ყოფნა. ვიცით, რომ ჰქონდა პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ეს იყო ძალიან დიდი განსაცდელი," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მურთაზ ზოდელავამ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის შეფასებით, თუ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთვება, საზოგადოების დაბალი მხარდაჭერა ექნება.

"ადამიანი, რომელიც იყო შს მინისტრი და მხილებულია არაერთ მძიმე დანაშაულის ჩადენაში, ასეთი ადამიანების პოლიტიკური აქტივობა და საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა, ჩემი აზრით არის დაბალი, მინიმუმს ქვემოთ. ჩვენს საზოგადოებას ისეთი ადამიანები არ სჭირდება პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული ადამიანების დარბევაში," - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი თითქმის 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებას ტოვებს. სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულების სამარტოო საკნიდან ყოფილ პრემიერ-მინისტრს დღეს გამოუშვებენ. 

დღის ამბები