05 აპრილი 2020,   04:47
ვრცლად
მკვლელობა გუდაურში - ადვოკატის მტკიცებით, არსებობს ვიდეო, რომელიც მერაბ კობიაშვილის უდანაშაულობას დაამტკიცებს

რა უძღოდა წინ 16 თებერვალს გუდაურში მომხდარ ურთიერთდაპირისპირებას, რასაც 28 წლის თაზო გორთამაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, უცნობია. არსებობს უთანხმოების მიზეზის რამდენიმე ვერსია, თუმცა ფაქტი ერთია - დაპირისპირება სამ სხვადასხვა ადგილზე მოხდა. ჩხუბის პირველი ლოკაცია "დისკო ბარია." 

"კურიერის" ინფორმაციით, "დისკო ბარიდან" მერაბ კობიაშვილი გადაადგილდა ბარი "გამარჯობას" მიმართულებით, სადაც 6 კაცთან ისევ შელაპარაკება მოუვიდა, საბოლოო ლოკაცია კი "გუდაური კაზინოა". სწორედ აქ ყოფილმა სამხედრომ კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან 4-ჯერ გაისროლა.

ადგილობრივებმა "კურიერის" კამერასთან შემთხვევა გაიხსენეს.

ერთ-ერთი ვერსიით, დაკავებულს ინციდენტში მონაწილე პირებთან ურთიერთშელაპარაკება უცხოელი ტურისტის გამო მოუვიდა. საქმე ეხება სოლიდურ თანხას, რომელსაც ქალბატონს ბარის მომსახურე პერსონალი სთხოვდა. ბრალდებულის მეუღლე, ნატა ქიტესაშვილი ამბობს, რომ მისი ქმარი ინციდენტის დროს უცხოელს გამოესარჩლა. რაც შეეხება ინციდენტს, როგორც მეუღლე, ასევე ბრალდებულის უფლებადამცველი ყვება, რომ გასროლის დროს კობიაშვილი იარაღის მკერდზე მიბჯენით თავდაცვასა და თავდამსხმელების მოგერიებას ცდილობდა.

არსებობს ვერსიაც, თითქოს დაპირისპირება "დისკო ბარში" უცნობ 19 წლის ახალგაზრდასა და მერაბ კობიაშვილს შორის გაურკვეველი მიზეზის გამო, ღამის სამ საათზე დაიწყო. გარდაცვლილი თაზო გორთამაშვილის ახლობლები ჩვენთან საუბარში ყვებიან, რომ დაკავებულმა 16 თებერვალს 19 წლის ბიჭი, რომელიც გუდაურში სათხილამურო ინვენტარს აქირავებს, სცემა და ქუჩაში გათიშულ მდგომარეობაში დატოვა. ამ ვერსიით, ეს ფაქტი გახდა მიზეზი იმისა, რომ დაპირისპირება სამ სხვადასხვა ადგილზე გაგრძელდა.

სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას 1 გარდაცვლილი და ორი დაშავებული ჰყავს. დაკავებული მერაბ კობიაშვილი, რომელიც მრავლობითი დაზიანებებით 3 დღე მცხეთის საავადმყოფოში მკურნალობდა, დღეს გლდანის მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს. საავადმყოფოსთან მხარდასაჭერად მისი ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ.

განზრახ მკვლელობისთვის დაკავებული ყოფილი სამხედროს ადვოკატი დღეს დაცვის მხარის სტრატეგიაზე საუბრობს. ამბობს, რომ პროკურატურას ამ დრომდე საქმის მთავარი მტკიცებულება მე-4 ვიდეოჩანაწერი აქვს, სადაც გასროლის ეპიზოდია აღბეჭდილი და რომელიც, ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, ყოფილი სამხედროს უდანაშაულობას დაამტკიცებს.

განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი. გარდაცვლილ თაზო გორთამაშვილს ხვალ დაკრძალავენ. საქმეზე აქტიური გამოძიება გუდაურში ამ დრომდე მიმდინარეობს. სწორედ საგამოძიებო უწყებებმა უნდა დაადგინონ, მერაბ კობიაშვილის მხრიდან გასროლა თავდასხმა იყო თუ თავდაცვა.

დღის ამბები