06 აპრილი 2020,   05:06
ვრცლად
"გაბედეს" ხუთ წევრს სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, ხულიგნობის ეპიზოდში კი სრულად გაამართლა

სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" ხუთ წევრს სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. ხულიგნობის ეპიზოდში მოსამართლემ აქტივისტები სრულად გაამართლა. 

მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტის, ბექა ნათელაშვილის თქმით, პოლიციელებმა სამხრე კამერების ჩანაწერი არ წარმოადგინეს და მათი ერთადერთი მტკიცებულება Facebook ლაივი იყო.

"ხუთივე ადამიანს მოგვცეს სიტყვიერი გაფრთხილება. პოლიციელებს ერთადერთი მტკიცებულება, რაც ჰქონდათ, იყო facebook ლაივი. სამხრე კამერების ჩანაწერები არ თუ ვერ წარმოადგინეს და სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა მოსამართლე, შედარებით ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავდ იმისა, რომ პოლიციელებს ცრუ ჩვენებები მიაცემინეს,"- განაცხადა ბექა ნათელაშვილმა.

ადვოკატ მარინე ცუცქირიძის თქმით, პოლიციელებმა პროცესზე ცრუ ჩვენებები მისცეს. 

"სამწუხაროდ, პოლიციელები მთლიანი პროცესის განმავლობაში ცრუობდნენ, თითქოს ხდებოდა ლანძღვა-გინება "გაბედეს" წევრების მიერ, მაგრამ სასამართლომ აქ გამოიჩინა ობიექტურობა და ამ ნაწილში შეწყვიტა საქმე სამართალდარღვევის არარსებობის გამო, რადგან ვერ დადასტურდა ვერანაირი მტკიცებულებით, რომ "გაბედეს" წევრები ან ილანძღებოდნენ ან შეურაცხყოფას აყენებდნენ საზოგადოებას. რაც შეეხება 173-ე მუხლს, მოსამართლემ ლმობიერება გამოიჩინა და შემოიფარგლა სიტყვიერი გაფრთხილებით აქციის მონაწილეებთან მიმართებაში,"- განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, "გაბედეს" აქტივისტები 22 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს, სადაც აქტივისტები შენობის პიკეტირებას ცდილობდნენ. მათ ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

დღის ამბები