24 თებერვალი 2020,   05:33
ვრცლად
არ არის აუცილებელი ერთმანეთი გვიყვარდეს, მაგრამ ვალდებულები ვართ ვისაუბროთ - კალაშნიკოვი დელეგაციის უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტაზე

საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების არშესრულების გამო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსული დელეგაციის სრულფასოვანი მუშაობის შეჩერების ინიციატივით 5 ქვეყანა გამოდის -  საქართველო, უკრაინა, ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია. საკითხი მონიტორინგის კომიტეტმა ჩააგდო, თუმცა სესიაზე მაინც გადის. საპარლამენტო ასამბლეაში ხმაურიანი დებატების მოლოდინში არიან.

უკრაინის დელეგაციის წევრის ალექსი გონჩარენკოს თქმით,  რუსეთის დელეგაციას მიაჩნია, რომ ყველაფრის უფლება აქვთ, რადგან ძლიერი და დიდი სახელმწიფოა:

"ბატონი ტოლსტოი, რომელიც გუშინ ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს საქართველოსა და უკრაინის შესახებ საშინელებებს ამბობდა.მისი განცხადებით საქართველო და უკრაინა მსოფლიო რუკაზე მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ეს რუსეთს სურს, ეს ადამიანი კი ახლა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი ვიცეპრეზიდენტია. ის განაგრძობს რიტორიკას, რომ რუსეთი შესანიშნავი ქვეყანაა და შეუძლიათ გააკეთონ ნებისმიერი რამ, რადგან რუსეთი ძლიერი და დიდი სახელმწიფოა," - განაცხადა ალექსი გონჩარენკომ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა აცხადებს, რომ რუსეთი არღვევს როგორს ევროპის საბჭოს წესებს ასევე საერთაშორისო ვალდებულებებსაც:

"ყველანაირი საბჭოს წესებიდან გამომდინარე თუ საერთაშორისო ვალდებულებებს, რომელიც მათ აღებული აქვთ ოფიციალურად, არღვევენ, პატივს არ სცემენ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით საბჭო იყოს პრინციპული და მიიღოს ეს გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, საბჭოს წევრი ყველა ქვეყანა არ იზიარებს ამ პოზიციას და როგორც ვხვდებით, იქნება ძალიან საინტერესო დებატები ამ კუთხით, რომ გადავარწმუნოთ სხვები,"- აღნიშნა კახა კუჭავამ.

უკრაინისა და საქართველოს წარმომადგენლების განცხადებების საპირისპიროდ, რუსეთის დელეგაციის წევრ ლეონიდ კალაშნიკოვს მიაჩნია,რომ რუსეთს ბოლო პერიოდში არაფერი დაუშავებია და რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილებასაც არაფერი უნდა დაემუქროს:

"რადგან ჩვენ დაგვაბრუნეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ამისთვის არსებობდა მყარი არგუმენტები, რომლებიც დღეს არ შეცვლილა, რუსეთს მას შემდეგ არაფერი დაუშავებია, შესაბამისად ახლა ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილების არცნობის საფუძველი არ არსებობს. თუკი პრეზიდენტები ერთმანეთთან საუბრობენ,მაშინ დიალოგი პარლამენტარებსაც უნდა ჰქონდეთ. არ არის აუცილებელი ერთმანეთი გვიყვარდეს, მაგრამ ვალდებულები ვართ, ვისაუბროთ," - განაცხადა ლეონიდ კალაშნიკოვმა.

დღის ამბები