24 თებერვალი 2020,   06:54
ვრცლად
თუ ვინმეს შეიძლება გაუხარდეს ეს განცხადებები, ენმ და მოსკოვია - ვოლსკი კონგრესმენების კრიტიკაზე

ბოლო პერიოდში კონგრესმენების კრიტიკას და მათი მხრიდან "ფრონტერას" ხსენებას, ხელისუფლება ამ კომპანიის ლობისტებს უკავშირებს. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ კონგრესმენების ის ნაწილი, რომლებიც "ფრონტერას" ახსენებენ და ამ კონტექსტში ამერიკულ კომპანიებზე ზეწოლაზე საუბრობენ, ფრონტერას ინტერესების გამტარები არიან.

მათივე განცხადებით, ეს უსამართლო პოზიციაა, რადგან საეჭვო რეპუტაციის მქონე  კომპანიის წინააღმდეგ საქმე საერთაშორისო არბიტრაჟშია.

მმართველი გუნდი ამბობს, რომ ეს არა ვაშინგტონის, არამედ კონგრესის ერთეული წევრების პოზიციაა.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, კონგრესმენების კრიტიკა მხოლოდ რუსეთსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შეიძლება გაუხარდეს.

"არამგონია რომელიმე კონგრესმენი ან რომელიმე საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომელი არსებობდეს, რომელსაც არ ესმოდეს, რომ როდესაც საკითხი საერთაშორისო არბიტრაჟზე იხილება, იქ ქვეყნის მიმართ მუქარა არაადეკვატური და არამეგობრულია. თუ ვინმეს შეიძლება გაუხარდეს ეს განცხადებები არის "ნაციონალური მოძრაობა" თავისი სატელიტებითა და რასაკვირველია, მოსკოვი," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

საქართველოს ხელისუფლება ამჯერად კონგრესის წევრმა, პიტ ოლსონმა გააკრიტიკა. "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელმა საქართველოსა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზე, საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლის დროს ისაუბრა.

ამერიკელი პოლიტიკოსმა აქცენტი რუსულ გავლენებზე და უცხოურ ინვესტიციებზე გააკეთა. მის გამოსვლაში კიდევ ერთხელ გაიჟღერა ნავთობკომპანია"ფრონტერას" სახელმა, რომელზეც მანამდე კონგრესმენთა წერილშიც იყო საუბარი და რომლის საქმიანობაც საქართველოში საარბიტრაჟო სასამართლოში განიხილება. იყო სხვა პოლიტიკური გზავნილებიც, ამერიკელმა კონგრესმენმა კოლეგებს საქართველოში საპროტესტო გამოსვლების ამსახველი ფოტო აჩვენა და ქართველი აქტივისტების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები