28 თებერვალი 2020,   06:43
ვრცლად
პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა - მაჩალიკაშვილები ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებენ

მაჩალიკაშვილების ოჯახი ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებს. პროკურატურამ პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დღეს გამოძიება შეწყვიტა.

გადაწყვეტილება ასეთია: სპეციალური დანიშულების რაზმის ბრალეულობა დადგენილი არ არის, უფრო მეტიც - გამოძიება მიიჩნევს, რომ სპეცრაზმელი, რომელმაც მაჩალიკაშვილს ესროლა, აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ამის გარდა, პროკურატურაში აცხადებენ, რომ ოქმზე, რომელშიც ხელყუმბარაც ფიგურირებს, მოკლულის მამას ხელი აქვს მოწერილი და ამ ფაქტზე მას თავის დროზე არანაირი პრეტენზია არ დაუფიქსირებია.

თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტებაზე გამოძიება 2 წლის წინ დაიწყო. ამდენივე წელია, სოსო გოგაშვილი ერთ პოზიციაზეა, რომ აქვთ უტყუარი მტკიცებულებები ტერორისტული ორგანიზაციის წევრი მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ.

საქმის შეწყვეტას და პროკურატურის არგუმენტებს მალხაზ მაჩალიკაშვილი პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.

ბრძოლა ახლა სტრასბურგში გრძელდება იმის დასამტკიცებლად, რომ სოფელ დუისში კონტრტერორისტული ორგანიზაციის თანამშრომლები არასწორ მისამართზე მივიდნენ და საწოლში მყოფი თემირლან მაჩალიკაშვილიც შეცდომით ჩაცხრილეს. შემდეგ კი, ამ დანაშაულის დაფარვისთვის სუს-ის თანამშრომლებმა ადგილზე ხელყუმბარა მიიტანეს და გარდაცვლილს სპეცრაზმელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა დააბრალეს. ოჯახის ამ ვერსიის მიხედვით სქემის ავტორი სოსო გოგაშვილია, რომელიც მაშინ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო.

წარსულშიც და ახლაც, პანკისის მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ გამოძიება არასწორ ვერსიაზეა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირი ტერირიზმთან საფუძველს მოკლებულია. ხეობაში პროკურატურის დღევანდელი ბრიფინგი მოულოდნელი იყო იმ ფონზე, როცა სტრასბურგის სასამართლო საქმეს აქტიურად განიხილავს და საქართველოს მთავრობას მტკიცებულებების წარსადგენად ვადა 31 მარტამდე განუსაზღვრა.

დღის ამბები