24 თებერვალი 2020,   03:10
ვრცლად
უშიშროების მასალა ადასტურებს მაჩალიკაშვილების ოჯახის სულ მცირე ერთი წევრის პირდაპირ კავშირს ტერორისტულ ჯგუფთან - ვოლსკი

თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე გამოძიების შეწყვეტასთან დაკავშირებით, უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ გამოძიება მაღალი სტანდარტებით ჩატარდა. 

გია ვოლსკის თქმით, გამოძიების ხელთ არსებული მასალით დასტურდება, რომ ოჯახის ერთი წევრი ტერორისტულ ჯგუფთან კავშირში იყო. 

"საკმაოდ ვრცელი და საკმაოდ დასაბუთებული მასალა წარმოადგინა უშიშროებამ პარლამენტში, რასაც გაეცნო არა მარტო უმრავლესობა, არამედ ოპოზიციაც და არც ერთი შეკითხვა, იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ეს მასალა რეალური, არ დასმულა. მასალა არის ძალიან მძიმე და პირდაპირ ადასტურებს ამ ოჯახის სულ მცირე ერთი წევრის პირდაპირ კავშირს ტერორისტულ ჯგუფთან.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, არანაირი ლოიალობა ტერორიზმის მიმართ არ შეიძლება იქნეს დაშვებული. ხოლო ეს ფაქტები, რაც პროკურატურამ დაადგინა, არის თუ არა რეალური, იქნება შეფასებული სასამართლოს მიერ," - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება არ დადასტურდა და პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა.

პროკურატურამ არ გაიზიარა გარდაცვლილი მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატის არცერთი ბრალდება და დაადგინა, რომ სავარაუდო ეჭვმიტანილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით განხორციელდა გასროლა. საქმის მასალებზე დაყრდნობით გამოძიება ირწმუნება, რომ ხელყუმბარა საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს, ამ პროცესს კი ესწრებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, რომელმაც ოქმში დაფიქსირებული მონაცემების სისწორე დაადასტურა. 

დღის ამბები