24 თებერვალი 2020,   03:00
ვრცლად
16 იანვარს ჩინეთიდან ჩამოსულ ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი არ დაუდგინდა - პაატა იმნაძე

22 წლის ბაკურციხელ ქალს, რომელიც ჩინეთიდან 16 იანვარს ჩამოვიდა და მწვავე და არა მძიმე რესპირატორული ვირუსული ინფექცია აღენიშნება, კორონავირუსი არ დაუდგინდა -  ამის შესახებ "რუსთავი 2"-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პაატა იმნაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნული შემთხვევა არცერთი საერთაშორისო სტანდარტით კორონავირუსის შესაძლო ან საეჭვო შემთხვევად არ მიიჩნევა.

პაატა იმნაძის თქმით, ქალს ვირუსული ინფექცია ოჯახის წევრებისგან გადაედო, პაციენტი სახლში მკურნალობს. 

იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქე არ იმყოფებოდა ჩინეთის იმ ნაწილში, სადაც კორონავირუსი გავრცელდა.

"რუსთავი 2"-ის კითხვაზე - იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდება, არის თუ არა მზად ქვეყანა შესაბამისი მკურნალობა ჩაატაროს, იმნაძემ აღნიშნა, რომ კორონავირუსის მკურნალობისთვის სპეციფიკური მეთოდი არ არსებობს და ჩატარდება მკურნალობა როგორც სხვა სხვა ვირუსების შემთხვევაში.

"კორონავირუსის სპეციფიური მკურნალობა არ არსებობს. ტარდება მკურნალობა ჩვეულებრივი პროტოკოლით, რომელსაც იყენებენ ნებისმიერი ვირუსის დროს. სპეციფიკური საშუალებები, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, არ არსებობს. ყველა ვირუსულ პნევმონიას ერთნაირად მკურნალობენ," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეპიდემიოლოგები სწავლობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა ჩინეთში იმოგზაურა და საქართველოში 16 იანვარს დაბრუნდა. მედიკოსებს კი 26 იანვარს მიმართა - მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

ოჯახის ექიმის თქმით, ქალს აღენიშნება მწვავე და არა მძიმე რესპირატორული ვირუსული ინფექცია. ის შესაბამისი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ოჯახში დღეს, ეპიდემიოლოგები იმყოფებოდნენ, რომლებმაც მას დამატებითი კონსულტაცია გაუწიეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები