24 თებერვალი 2020,   02:39
ვრცლად
"რუსთავი-2" კვლავ ძლიერი ოპოზიციური არხია - პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მედიათავისუფლებაზე ისაუბრა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვიტ გამოსვლისას პრეზიდენტმა  სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება  საქართველოში მედიის თავისუფლებაზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ დღეს მედიაორგანიზაციები და სოციალური მედია სრული თავისუფლებით სარგებლობს. ამის მაგალითად კი, ტელეკომპანია "რუსთავი2" მოიყვანა:

"დღეს მედიაორგანიზაციები და სოციალური მედია სრული თავისუფლებით სარგებლობს. თითქმის არც ერთი ორგანიზაცია არ დაჯარიმებულა სასამართლოს მიერ, ან არ გაუკრიტიკებია საზოგადოებას. ოპოზიციური არხის - "რუსთავი-2-ის" საკუთრების დავა, რომელიც სასამართლოში იხილებოდა, წარმოდგენილ იქნა, როგორც ხელისუფლების მხრიდან არხის გაკონტროლების ან დახურვის მცდელობა. ამ დროს კი, პირიქით მოხდა, - განხილვის პერიოდში საგადასახადო უწყებამ თავი შეიკავა დაგროვილი დავალიანების (23 მილიონი ლარის) ამოღებისგან. საქმე განიხილა როგორც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ისე ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ. 2019 წლის ივლისის გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ "რუსთავი-2-ის" მიმართ არც ერთი უფლება არ იყო დარღვეული, მათ შორის - არც სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც ქართული მართლმსაჯულების მიუკერძოებლობის ერთ-ერთი  დადასტურება იყო.

მიუხედავად სახელმწიფოს მიერ არხის ჩამორთმევად წარმოჩენილი გადაწყვეტილების მიმართ მრავალწლიანი პროტესტისა, სტრასბურგის სასამართლოს   გადაწყვეტილებით, არხი ლეგიტიმურ მესაკუთრეს დაუბრუნდა. დრამატული პროგნოზებისგან განსხვავებით, არხის მესაკუთრის ცვლილებით არ შეცვლილა სარედაქციო პოლიტიკა. "რუსთავი-2" კვლავ ძლიერი ოპოზიციური არხია. ამასობაში, მედიასივრცეს კიდევ რამდენიმე ახალი ოპოზიციური არხი დაემატა. დღევანდელი ქართული მედიაგარემო ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და თავისუფალია. ცალსახაა, რომ დღეს მედიასივრცეში ამინდს ოპოზიციური არხები ქმნიან,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები