29 თებერვალი 2020,   04:48
ვრცლად
"თითოეული სამართალდამცველი სტანდარტის ფარგლებში მოქმედებდა" - იონათამიშვილი მაჩალიკაშვილის საქმეზე

პარტია "ქართული ოცნების" წევრს, რატი იონათამიშვილს თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე გამოძიების შეწყვეტასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს. იონათამიშვილი დარწმუნებულია, რომ გამოძიება მაღალი სტანდარტით წარიმართა.

"გამოძიება საკმაოდ მაღალი სტანდარტით წარიმართა. ძალიან ბევრი საგამოძიებო ღონისძიებაა ამ პროცესში ჩატარებული. დაიკითხა აბსოლუტურად ყველა მონაწილე სამართალდამცველების მხრიდან, ასევე, დაიკითხა ყველა პირი. მტკიცებულებებიც იქნა ამოღებული და შესაბამისი საექსპერტო დასკვნებიც არის გამოტანილი. ვფიქრობ, ამ გარემოებების ერთობლიობა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მართლაც თითოეული სამართალდამცველი მოქმედებდა დადგენილი სტანდარტის ფარგლებში,"- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება არ დადასტურდა და პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა. 

პროკურატურამ არ გაიზიარა გარდაცვლილი მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატის არცერთი ბრალდება და დაადგინა, რომ სავარაუდო ეჭვმიტანილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით განხორციელდა გასროლა. საქმის მასალებზე დაყრდნობით გამოძიება ირწმუნება, რომ ხელყუმბარა საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს, ამ პროცესს კი ესწრებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, რომელმაც ოქმში დაფიქსირებული მონაცემების სისწორე დაადასტურა.

ავტორი: დავით ცაგარელი

დღის ამბები