29 მარტი 2020,   07:53
ვრცლად
ოპოზიციაში თავად ვერ თანხმდებიან - მმართველი გუნდი მესამე სექტორის მიმართვაზე 

მმართველი პარტიის წევრები მესამე სექტორის მიმართვას გამოეხმაურნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, მათ კარგად აქვთ გაანალიზებული, რომ პოლიტიკურ სტაბილურობას სწორედ საარჩევნო ცვლილებები განაპირობებს.

"ჩვენ ვითვალისწინებთ შესაძლო რისკებს ქვეყნის არასტაბილურობასთან დაკავშირებით და ამ ფაქტორებზე დაყრდნობით შევთავაზეთ სისტემა, სადაც მკვეთრად იზრდება პროპორციული სისტემით გასული პარლამენტარების რაოდენობა და მკვეთრად მცირდება მაჟორიტარული სისტემით გასული პარლამენტარების რაოდენობა.

ოპოზიციაში თავად ვერ თანხმდებიან ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განმარტებით, სწორედ პოლიტიკური სტაბილურობისთვის დაიწყეს მოლაპარაკებები პოლიტიკურ პარტიებთან და შეიმუშავეს საარჩევნო მოდელი, რასაც პოლიტიკურ ოპონენტებს სთავაზობენ.

"ოპოზიციას ჩვენ 73 მაჟორიტარის ნაცვლად ვთავაზობთ 50 მაჟორიტარს. ეს არის ის ნაბიჯი, რომელიც ვფიქრობთ, რომ სწორია ჩვენი მხრიდან. თუკი ეს ადამიანები ამას არ იზიარებენ, გამოდის, რომ აქვთ ვიწრო პარტიული ინტერესი. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ მათ რაც არ უნდა შევთავაზოთ მაინც არ დაეთანხმებიან. სხვა სცენარით ცდილობენ განავითარონ მოვლენები," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მესამე სექტორის წარმომადგენლები მმართველ პარტიას მოუწოდებენ, უზრუნველყონ, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები დაუბრუნდნენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე - საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით დაწყებულ დიალოგის ფორმატს.

მესამე სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და პარლამენტში დაუყონებლივ წარადგინოს შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.

მიმართვას 20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს და არგუმენტად ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან ერთად, დასახელებულია ის კრიტიკა, რომელიც საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო პარტნიორებისგან დაიმსახურა.

 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები