29 მარტი 2020,   07:06
ვრცლად
48 საათი მიწისძვრის შემდეგ - კარვების ქალაქში მოსახლეობა სტიქიის განმეორების შიშით აგრძელებს ცხოვრებას

5 საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ თურქმა მაშველებმა სტიქიის ეპიცენტრში კიდევ ერთი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს. 65 წლის ქალი, რომელიც დამანგრეველი მიწისძვრის დროს სახლში შვილთან და მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, სტიქიის 35-ე მსხვერპლია.

ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების სამძებრო და სამაშველო ოპერაცია მუსტაფას მოედანზე უკვე 48 საათია ინტენსიურად მიმდინარეობს. ქალაქ ელაზიღში სტიქიის შედეგებს 4 000 მაშველი და მოხალისე ებრძვის.

უკვე ორი დღეა ახლობლებისა და ოჯახის წევრების გადარჩენის მოლოდინში ელაზიღის მოსახლეობა ქუჩაში ათენებს.

მოსახლეობა სამაშველო ოპერაციას თვალს ჯებირებს მიღმა ადევნებს. ადამიანები, რომელებიც სტიქიურმა უბედურებამ ღია ცის ქვეშ დატოვა, "კურიერის" გადამღებ ჯგუფთან მიწისძვრის წუთებს იხსენებენ და ამბობენ, რომ ტრაგედიამ ქალაქში პანიკური შიში დათესა.

სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობას დღეს პრეზიდენტის დავალებით ანკარიდან ჩასული მაღალჩინოსნები აკვირდებოდნენ.

დამანგრეველი მიწისძვრისგან დაზარალებულთა ნაწილი ხელისუფლებამ უკვე სპეციალურად მოწყობილ კარვების ქალაქში გადაიყვანა. "კურიერის" კამერამ დღეს ასობით ადამიანის უმძიმესი ყოფა გადაიღო. კარვების ქალაქის მაცხოვრებლები იმ შიშზე საუბრობენ, რომელსაც სტიქიური კატასტროფის განმეორების საფრთხე ჰქვია.

6,7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ნგრევა თურქეთის 3 ქალაქში გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათასზე მეტი ადამიანი კი მკურნალობას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადის.

დღის ამბები