01 აპრილი 2020,   09:14
ვრცლად
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს ამოწმებენ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრებს ამოწმებენ.

ექიმ ბაია დემურიას განცხადებით, ჩინეთიდან ჩამოსულ არცერთ მგზავრს კორონავირუსის სიმპტომი არ აღმოაჩნდა.

"ჩინეთიდან ჩამოსულ არცერთ მგზავრს არ აღმოაჩნდა კორონავირუსის სიმპტომი. საქართველო ყველაზე დაბალი რისკის ქვეშ არის. ჩვენ ყველა მგზავრს ვაძლევთ ინფორმაციას კორონავირუსის ყველა სიმპტომის შესახებ," - აღნიშნა ექიმმა ბაია დემურიამ.  

"გაფრენის შემდეგ, ვიდრე ბარგს ავიღებდი, მედიკოსებმა სიცხე გაგვიზომეს და გაგვესაუბრნენ. ეს ცხადია კარგია, მაგრამ არამგონია, რომ ვირუსის გავრცელების ტემპი საგანგაშო იყოს და მსგავსი მონიტორინგის აუცილებლობა არსებობდეს," - განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა.

ჩინეთში ახალი კორონავირუსით, ბოლო ინფორმაციით, 56 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულია 2 ათასამდე, მათგან 300-ზე მეტი მძიმე მდგომარეობაშია. ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კორონავირუსით, სავარაუდოდ კიდევ 2 ათას 700-მდე ადამიანია ინფიცირებული, თუმცა მათი დიაგნოზი საბოლოოდ ჯერ დადასტურებული არ არის.

ეპიდემიის გამო იზოლაციაში რჩება ქალაქი უხანი, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანების გარდა ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მსოფლიოს აეროპორტებში საგანგებო ზომები მიიღეს, ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს თერმული კამერებით ამოწმებენ.

დღის ამბები