22 თებერვალი 2020,   22:42
ვრცლად
დაირღვა თუ არა კონფიდენციალობა ლომჯარიას ციხეში ვიზიტისას - ომბუდსმენი რეაგირებას ითხოვს

სახალხო დამცველი საკუთარი უფლებების დაცვას მთავარი პროკურატურისგან ითხოვს. ნინო ლომჯარიას თქმით, მსჯავრდებულებთან მისი შეხვედრის კონფიდენციალობა იუსტიციის მინისტრმა პოლიტიკური ინტერესების გამო დაარღვია. ომბუდსმენი ხელისუფლების პირველ პირებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და მათგან თავისუფალ გარემოში მუშაობის გარანტიების მიღებას ითხოვს.

სახალხო დამცველის პასუხად პენიტენციურმა სამსახურმა დღეს მორიგი განცხადება გაავრცელა. უწყება განმარტავს, რომ ომბუდსმენის ვიზიტის დროს ან მის შემდეგ, სამსახურის მიერ არც ერთი საკანონმდებლო ნორმა არ დარღვეულა. შეხვედრებმა თავისუფალ გარემოში, სრული კონფიდენციალობის პირობებში, დაწესებულების ადმინისტრაციისგან ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე ჩაიარა. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ პატიმრების მხრიდან არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოქმედი სახალხო დამცველი 2019 წელს საერთოდ არ არის ნამყოფი პენიტენციურ დაწესებულებაში.

სწორედ პატიმართა ვინაობის გამო ინფორმაციის გასაჯაროებაზე აკეთებს აქცენტს ოპოზიციის ნაწილი. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ საკითხი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმაც უნდა შეისწავლოს. 

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ფაქტის გარშემო დაწყებული ხმაურით ყოფილ მაღალჩინოსან პატიმრებთან, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილთან და ვანო მერაბიშვილთან სახალხო დამცველის შეხვედრის შინაარსის გადაფარვა ხდება.

არასამთვრობო ორგანიზაციების ნაწილს მიაჩნია, რომ ინფორმაციის გავრცელებით იუსტიციის უწყებას ორმაგი გზავნილი ჰქონდა, ერთი სახალხო დამცველისთვის, მეორე კი პატიმრებისთვის. 

სახალხო დამცველი მომხდარის გამო ხელისუფლების მხრიდან რეაგირებას და გამოძიების დაწყებას ელოდება, თავის მხრივ პენიტენციური სამსახური საკუთარ განცხადებაში იმედს გამოთქვამს, რომ 2020 წლიდან ომბუდსმენი უფრო მეტ პატიმარს მოინახულებს ციხეში.

 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი 

დღის ამბები