01 აპრილი 2020,   09:50
ვრცლად
"ველოდები, რომ გამოძიება დაიწყება" - ნინო ლომჯარია ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე

სახალხო დამცველის შეფასებით, საკრებულოში მომხდარი კრიმინალური შემთხვევაა და აუცილებელია დეტალები გამოძიებამ დააზუსტოს. ნინო ლომჯარია, საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება. 

"ეს ფაქტი არის კრიმინალური შემთხვევა, რადგან ადგილი აქვს სავარაუდო დანაშაულს, ფიზიკურ ანგარიშსწორებას. ველოდები, რომ გამოძიება დაიწყება და აუცილებლად უნდა დაიწყოს, გამომდინარე იქიდან, რომ პირი, დაზარალებული არის პოლიტიკური პარტიის წევრი, შესაძლებელია, გამოიკვეთოს, ასევე, პოლიტიკური მოტივები. ასეთი ტიპის საქმეს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

​შეგახსენებთ, რომ ნაცემი ლევან ხაბეიშვილის მხარდასაჭერად საკრებულოს შენობაში პარტია "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრები მივიდნენ, რომლებიც საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა შენობაში არ შეუშვეს.

იქამდე, საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი სცემეს. უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა თარაშ შურღაიამ ხაბეიშვილს თავში სკამი ჩაარტყა, რის შედეგადაც ხაბეიშვილმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები