06 აპრილი 2020,   06:04
ვრცლად
იმისთვის, რომ არ მოხდეს დაპირისპირება, გადავწყვიტეთ დღეს საშვები არ დავუშვათ - საკრებულოს თავმჯდომარე

საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს საკრებულოს შენობაში იმ მოტივით არ უშვებენ, რომ დღეს დანიშნულ საკრებულოს სხდომაზე კიდევ ერთი დაპირისპირება არ მოხდეს. გიორგი ტყემალაძემ დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდა ძალადობისა და შეურაცხყოფისგან თავი შეიკავონ.

"მე მინდა ყველა მხარეს, ჩემს თანაგუნდელებსაც და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც მოვუწოდო, რომ შევიკავოთ თავი ყველანაირი დაპირისპირებისგან, ფიზიკური დაპირისპირებისგან და, ასევე, პირადი შეურაცხყოფისგან. რაც შეეხება საშვების დაშვებას,

თქვენ იცით, რომ დღეს არის საკრებულოს სხდომა. ოპოზიციის მხრიდან არის გარკვეული მობილიზაცია. იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ არ მოხდეს გარკვეული დაპირისპირება, ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, საშვები არ იქნას დაშვებული და საკრებულომ გააგრძელოს ფუნქციონირება", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

​შეგახსენებთ, რომ ნაცემი ლევან ხაბეიშვილის მხარდასაჭერად საკრებულოს შენობაში პარტია "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრები მივიდნენ, რომლებიც საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა შენობაში არ შეუშვეს.

იქამდე, საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი სცემეს. უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა თარაშ შურღაიამ ხაბეიშვილს თავში წამოარტყა, რის შედეგადაც ფიზიკური დაპირისპირება გამწვავდა და ხაბეიშვილმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.

დღის ამბები