29 თებერვალი 2020,   05:04
ვრცლად
"შიმშილი გვიწევდა" - "კურიერი" ოკუპირებული ახალგორიდან გადმოსულ პენსიონერებს ესაუბრა

ოკუპანტების ტყეობაში გატარებული 141 დღის შემდეგ დღეს ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი მხოლოდ პენსიონერებისთვის გაიხსნა. "კურიერი" იმ მოქალაქეებს ესაუბრა, ვინც ჩაკეტილ ახალგორში, ჰუმანიტარულ კრიზისში თითქმის 5 თვე გაატარა.

ბოლო ინფორმაციით, უკვე 23-მა პენსიონერმა მოახერხა ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა. საზღვრის გადმოკვეთისთანავე პენსიონერები წეროვანში ჩავიდნენ და თავიანთი კუთვნილი პენსია აიღეს.

პენსიონერებმა "კურიერთან" იმ არაერთ პრობლემაზე ისაუბრეს, რაც მათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩაკეტილი საზღვრების პირობებში შეექმნათ. პენსიონერებმა მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურებების არახელმისაწვდომობას გაუსვეს ხაზი, თუმცა მთავარი, რაზეც მათ ყურადღება გაამახვილეს, პროდუქტების სიძვირეა. რადგან ოკუპირებულ რეგიონში ქართული პროდუქცია აღარ შედის, ოკუპანტების ტყვეობაში მყოფ მოსახლეობას რუსული პროდუქტების ყიდვა უხდებათ, რაც მათი შეფასებით, საკმაოდ ძვირია. იმის გათვალისწინებით, რომ პენსიონრები 5 თვე კუთვნილი პენსიის გარეშე დარჩნენ, "კურიერთან" საუბრისას განაცხადეს, რომ, გარკვეულწილად, შიმშილიც უწევდათ. 

როგორც ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა "კურიერთან" საუბარში აღნიშნა, ახალგორის მუნიციპალიტეტში 570-მდე პენსიონერია, რომელთა ნაწილს პრობლემები აქვს საშვებთან და საბუთებთან დაკავშირებით, ხოლო მათ, ვისაც საშვები აქვთ, 10 დღის განმავლობაში შეეძლებათ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე გადმოსვლა და პენსიების აღება. 

ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი სამშაბათს 28 იანვარს ისევ დაიკეტება.

ამავე თემაზე
დღის ამბები