22 თებერვალი 2020,   23:35
ვრცლად
"რომ მივედი, ბავშვი დამხვდა შეშინებული, ატირებული, ეგონა, რომ დაჭერილი იყო" - ინციდენტი გლდანის სავაჭრო ცენტრში

იძულების მუხლით მიმდინარეობს გამოძიება საქმეზე, რომლის მთავარი ფიგურანტიც 12 წლის ბიჭია.

არასრუწლოვანი გლდანში მდებარე სავაჭრო ცენტრის მინის კარს სკეიტბორდით დაეჯახა, რის შედეგადაც მინა გაიბზარა. ოჯახის წევრების ადგილზე მისვლამდე სავაჭრო ცენტრის დაცვის თანამშრომლებმა ბიჭი დაცვის უფროსის ოთახში შეიყვანეს. ბიჭის მშობლები ამბობენ, რომ ბავშვის თხოვნის მიუხედავად, მას წყალი არ დაალევინეს და უფანჯრო ოთახში მარტო დატოვეს. არასრულწლოვანს ეგონა, რომ დაკავებული იყო.

"ბავშვი იყო იქ დაკეტილი, როგორც სახლში მომიყვა, დაუტოვებიათ იქ, რამდენი ხნით არ ვიცი, რომ მივედი ბავშვი დამხვდა გაფითრებული, შეშინებული, ატირებული, ეგონა რომ დაჭერილი იყო. წყალი სთხოვა ბავშვმა და წყალიც კი არ დაალევინეს," - აცხადებს არასრულწლოვანის მშობელი.

მომხდარ ფაქტს ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი. მისი თქმით,  ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებენ, რომ  არასრულწლოვანთან დაკავშირებულ ინციდენტში მონაწილე პირების შესაბამისი პასუხისმგებლობა დადგეს:

"ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოვიყენებთ, რომ დანაშაულის პროპორციული სასჯელი მიიღონ დაცვის იმ თანამშრომლებმა და ხელმძღვანელმა პირებმა, ვისი უშუალო ბრალიც გამოიკვეთება," - განაცხადა ჩოფიკაშვილმა.

ბრალდებას სავაჭრო ცენტრის დაცვის უფროსი უარყოფს და ამბობს, რომ ბიჭი ოთახში მხოლოდ ბავშვის უსაფრთხოებიდან გამომდინარე აიყვანეს.

დღის ამბები