26 თებერვალი 2020,   10:29
ვრცლად
"მუქარის აღსრულება დაიწყო იმ ადამიანებზე, რომლებიც ლაპარაკობენ სიმართლეს"- მამა ანდრია სარია

მამა ანდრია სარია მისთვის მღვდელმოქმედების შეწყვეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრას ითხოვს. მამა ანდრია სარია გადაწყვეტილებას არაკანონიკურს უწოდებს და აცხადებს, რომ მისთვის მღვდელმოქმედების შეწყვეტა წესების დარღვევით მოხდა. 

"ქრისტიანის სტატუსს და წოდებას ვერავინ ვერ წამართმევს. ეს არ არის კანტორა, ან, გინდაც, რომელიმე კონკრეტული გვარების, თუ შიოლაშვილების, ეს არის ქრისტეს ეკლესია და ამ ქრისტეს ეკლესიას ვერავინ და ვერაფერი ვერ დაშლის. შანტაჟის და მუქარის აღსრულება დაიწყო იმ ადამიანებზე, რომლებიც უკვე წლებია ლაპარაკობენ სიმართლეს მამათმავლების, ნარკომანების შესახებ. ესენი მფარველობაში ჰყავდათ ეკლესიაში და ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ეკლესიაში დაგროვილი პრობლემები მოგვარდეს, ნელ-ნელა მოცილებულია მათგან. პატრიარქთან მინდა შეხვედრა, რომ გავარკვიო - მან ერთპიროვნულად მიიღო ეს არაკანონიკური გადაწყვეტილება, თუ მის ნაცვლად სხვებმა მიიღეს. მინიმუმ, 6-მა მღვდელმთავარმა უნდა განსაჯოს მღვდელი, თუ კონკრეტულად რომელიმე კანონიკურ დარღვევაშია მხილებული. მაგრამ არც დაბარება მომხდარა და რაღაც კანტორაში რომ გადაწყვეტენ, ისე მოხდა - ეს არის მღვდელი - ეს არ არის მღვდელი და ქურდულ სამყაროში ქურდული გარჩევებივით. საეკლესიო სივრცე, ფაქტობრივად მოშლილია,"- განაცხადა მამა ანდრია სარიამ.

"კურიერი" ესაუბრა გორისა და ატენის მიტროპოლიტს, სინოდის წევრს ანდრია გვაზავას, რომელმაც განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა. "კურიერის" ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების შესახებ საპატრიარქო მოგვიანებით დამატებით განმარტებას გააკეთებს. 

შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს გარემოცვის წევრს და ჭყონდიდის ეპარქიის ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარს, მამა ანდრია სარიას მღვდელმოქმედება შეუწყვიტეს.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ დოკუმენტს ხელს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე აწერს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საეკლესიო დებულებათა და ეთიკის ნორმების დაცვის საბჭოს გაფრთხილების მიუხედავად, სასულიერო პირი ავრცელებდა მაღალ იერარქთა და საპატრიარქოს მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს და დაუსაბუთებელ ბრალდებებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები