26 თებერვალი 2020,   10:51
ვრცლად
მავთულხლართები რუსთაველზე - სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შემოღობვა აქცია-პერფორმანსით გააპროტესტეს

პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების საბაბით ტერიტორიის შემოღობვას სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი ამ ქმედებით, პროტესტის შეზღუდვას ცდილობს.

რუსთაველზე მოძრაობა "გაბედეს" წევრები მივიდნენ. გაიმართა აქცია-პერფორმანსი. მოძრაობის წევრებმა პარლამენტის წინ აღმართულ მწვანე ღობეს მავთულხლართები შემოავლეს. მათივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს პარლამენტი ოკუპირებული აქვს, რუსი ოკუპანტების მსგავსად ტერიტორიებს ღობავს და მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების და პროტესტის გამოხატვის საშუალებას უზღუდავს.

"თუ შიდა ქართლის შუაგულში მავთულხლართებს ავლებენ რუსი ჯარისკაცები, დღეს თბილისში ოკუპაციას ახდენს ბიძინა ივანიშვილი, მთელი შენობა შემოსაზღვრულია ამ ჯებირებით და ერთადერთი, რაც აკლია, რომ საოკუპაციო ზოლად იქცეს არის მავთულხლართი. ეს არის ქვეყნის მთავარი ორგანოს ოკუპაცია, ამ ყველაფრის სიმბოლო კი არის მავთულხლართები," - განაცხადა მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტმა.

"გაბედეს" გარდა პარლამენტის წინ სხვა სამოქალაქო მოძრაობის წევრებიც იმყოფებოდნენ, მათ მწვანე ღობეზე საპროტესტო წარწერები გააკეთეს და სტიკერები მიაკრეს.

"ეს არის ბიძინას მიერ შემოსაზღვრული ბოსტანი," - აცხადებს მოძრაობის "ვხედავ" წევრი თათია წულაძე.

"ჩვენ პროტესტს ამ ღობით ვერ მოკლავენ, გვაქვს გზა და კიდევ არის ბევრი ადგილი, სადაც შეგვიძლია პროტესტი გამოვხატოთ, მოუწევთ მთელი ქვეყნის შემოღობვა, თუ აპირებენ, რომ პროტესტი ღობით ჩაფარცხონ," - განაცხადა "სირცხვილიას" აქტივისტმა გიორგი გაბრიაძემ.

"ეს ჯებირები, რომლებიც აღმართეს პარლამენტის წინ მიმართულია ჩვენი დაშლისკენ, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ დაშლას ჩვენი ბრძოლა გრძელდება,"- აცხადებს მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტი ოთარ ათათია.

დღის ამბები