26 თებერვალი 2020,   10:38
ვრცლად
აზარტულ თამაშებთან 14-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდების 48%-ს აქვს შეხება - შეხვედრა ომბუდსმენთან 

ანა დოლიძე და "აზარტული თამაშების წინააღმდეგ" კამპანიის წევრები სახალხო დამცველის ოფისში ნინო ლომჯარიას შეხვდნენ. შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი სათამაშო ბიზნესისგან მოზარდების დაცვაზე გაკეთდა.

ომბუდსმენის თქმით, აზარტულ თამაშებზე ბავშვთა ხელმისაწვდომობის რეგულირებასთან მიმართებაში სერიოზული ხარვეზები არსებობს და ის მზად არის, ამ საკითხზე კამპანიის წევრებთან ითანამშრომლოს. 

"როგორც საკანონმდებლო რეგულირება არ არსებობს, ასევე პრაქტიკაში სრულიად უკონტროლოა და ნებისმიერ არასრულწლოვან ბავშვს აქვს წვდომა ონლაინ თამაშებზე. ამ საკითხს მე ვუყურებ ადამიანის უფლებების პერსპექტივიდან. ჩვენ, რა თქმა უნდა, დახმარება აღვუთქვით თანამშრომლობისთვის და ასევე,  მზად ვართ, რომ ეს საკითხები მოვახვედროთ ჩვენს ზოგად თუ სპეციალურ ანგარიშებში," - განაცხადა სახალხო დამცველმა.

კამპანიის "გავერთიანდეთ და ავიმაღლოთ ხმა აზარტული თამაშების წინააღმდეგ" ხელმძღვანელი ანა დოლიძე სახალხო დამცველის შემართებით კმაყოფილია და ​მიესალმება ყველა ქმედით ნაბიჯს, რასაც ომბუდსმენი ამ მიმართულებით განახორციელებს.

აზარტული თამაშების კვლევის და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის დამფუძნებელის, გუგა ბესელიას ინფორმაციით, 14-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდების 48%-ს აქვს შეხება აზარტულ თამაშებთან. მისი თქმით, ეს მაჩვენებელი საგანგაშოა და მასზე რეაგირება უნდა მოხდეს. 

დღის ამბები