26 თებერვალი 2020,   09:45
ვრცლად
საპროკურორო საბჭომ მანამდეც დაამტკიცა, რომ "ოცნების" დღის წესრიგის შემსრულებელ პროკურორებს ირჩევს - დოლიძე

საპროკურორო საბჭოს სხდომას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე უნდობლობას უცხადებს.

მისი განცხადებით, საპროკურორო საბჭოს ადრეც მიუღია პოლიტიკური გადაწყვეტილება.

"მართალი გითხრათ, არ ვიცი ვინმეს თუ სჯერა საქართველოში იმის, რომ ეს საპროკურორო საბჭო აარჩევს პოლიტიკურად დამოუკიდებელ გენერალურ პროკურორს. სამწუხაროდ, საპროკურორო საბჭომ მანამდეც დაამტკიცა, რომ ის ირჩევს "ქართული ოცნების“ დღის წესრიგის შემსრულებელ პროკურორებს", - განაცხადა ანა დოლიძემ.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თავი შეიკავა კონკრეტული კანიდატებთან დაკავშირებით აზრის გამოთქმისგან, თუმცა აღნიშნა, რომ საპროკურორო საბჭოს მუშაობა გამჭვირვალედ არ მიმდინარეობს.

"ძალიან ვწუხვარ, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის, როგორიც არის საქართველოს გენერალური პროკურატურა, ხელმძღვანელის შერჩევა კვლავ ხდება არაინკლუზიური და არაგამჭვირვალე პროცესით და მე ვფიქრობ, რომ ასეთი პროცესი ნამდვილად ვერ მოუტანს ნდობას პროკურატურას, რომელიც ისედაც განიცდის საზოგადოების მხრიდან მწვავე დეფიციტს", - აღნიშნა ლომჯარიამ.

ახალი გენერალური პროკურორის შესარჩევად საპროკურორო საბჭომ 3 კანდიდატი უნდა შეარჩიოს და შემდეგ დასამტიცებლად უკვე პარლამენტს წარუდგინოს. კანდიდატებს შორის არის ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომლის სასარგებლოდაც დღეს მისმა ერთმა კონკურენტმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

დღის ამბები