26 თებერვალი 2020,   10:25
ვრცლად
"ივანიშვილი თავის კლოუნებს უტიფრად გვაწვდის" - ოპოზიციის წარმომადგენელი საპროკურორო საბჭოს სხდომას არ ესწრება

უკვე 2 საათია, საპროკურორო საბჭოს სხდომას მართავს. საბჭოს წევრები 16 კანდიდატთან დაკავშირებით მსჯელობენ. დღევანდელ სხდომას ოპოზიციის წარმომადგენელი არ ესწრება.

ოპოზიციის წევრების შეფასებით, საპროკურორო საბჭოს სხდომა ფორმალურად მიმდინარეობს, რადგან მათი განმარტებით, ხელისუფლებას უკვე გადაწყვეტილი აქვს, ვინ გახდება ახალი გენერალური პროკურორი - ისინი ვარაუდობენ, რომ თანამდებობას ირაკლი შოთაძე დაიკავებს. 

"ეს არის საზოგადოების კიდევ ერთი შეურაცხყოფა. საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ ოპოზიციას არ მოსწონს ეს კანდიდატი, ან ბიძინა ივანიშვილის ერთგულია. ეს კაცი სკანდალებშია გახვეული. მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობით ხორავას ქუჩის ტრაგედიის საქმე მიჩქმალეს. ივანიშვილი თავის კლოუნებს უტიფრად გვაწვდის," - განაცხადა  "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის აკაკი მინაშვილის შეფასებით, ირაკლი შოთაძემ მთავარი როლი ითამაშა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმის გაყალბებაში, შესაბამისად, მისი თანამდებობაზე დაბრუნება "ქართული ოცნების" მმართველობის დასრულებას დააჩქარებს.

"ჩვენ ძალიან კარგად გვახოვს, რომ შოთაძე სახალხო პროტესტის შედეგად იძულებული გახდა, გადამდგარიყო. ის არის ადამიანი, ვინც მთავარი როლი ითამაშა სარალიძის საქმის გაყალბებაში. ის არის პირდაპირ მართული ფარცხალაძის მხრიდან.

მმართველი გუნდი ცდილობს,  ძალადობისა და ძალმომრეობის გზაზე დადგეს და ამით შეინარჩუნოს ხელისუფლება. ეს ძალმომრეობა გამოიწვევს კიდევ უფრო სწრაფად დასრულდეს "ქართული ოცნების" მმართველობა," - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

რაც შეეხება, პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილის ლევან კობერიძეს, მისი  განმარტებით, ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ უნდა განაცხადოს, რომ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს უჭერს.

"უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი კულუარულად არ მართავს შეხვედრებსო. მაშინ გამოვიდეს და საჯაროდ თქვას, რომ მისი ფავოროტი არის ეს ადამიანი. მისი ასეთი ქმედებები ინსტიტუციებს მიზანმიმართულად უთხრის ძირს," - განაცხადა კობერიძემ.

ახალი გენერალური პროკურორის შესარჩევად საპროკურორო საბჭომ 3 კანდიდატი უნდა შეარჩიოს და შემდეგ დასამტიცებლად უკვე პარლამენტს წარუდგინოს. კანდიდატებს შორის არის ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომლის სასარგებლოდაც დღეს მისმა ერთმა კონკურენტმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

დღის ამბები