24 თებერვალი 2020,   02:26
ვრცლად
მთავარია ოფიციალური ვაშინგტონის მხარდაჭერა, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია - რატი იონათამიშვილი 

ამერიკელი კონგრესმენების მიერ, ხელისუფლების მისამართით გამოგზავნილ კრიტიკულ წერილს შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ კონგრესმენების ნაწილის აზრია, ხოლო ოფიციალური ვაშინგტონი საქართველოს ხელისუფლების მიმართ დადებითად არის განწყობილი.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ოფიციალური ვაშინგტონის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

"რაც შეეხება ცალკეული კონგრესმენების განცხადებებს, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება მათი პოზიციები განსხვავებული იყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ცხადია თითოეული, მაგრამ მთავარი ამ შემთხვევაში არის ოფიციალური ვაშინგტონის განცხადება და ის მხარდაჭერა, რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გააჩნია," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ოფიციალური ვაშინგტონის მხარდაჭერაზე საუბრობს ასევე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და არგუმენტად ორპარტიული მხარდამჭერი აქტის ინიცირება მოჰყავს.

"ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ორპარტიული მხარდამჭერი აქტი ვერ დაინიცირდებოდა და ვერ იქნებოდა რეალიზებული, თუ საქართველოში დემოკრატიას საფრთხე ექმნებოდა. ამიტომ, ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციაა პასუხი მათ ამ შეკითხვებსა და თუ რიტორიკულ კითხვებზე," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველო ამერიკელი კონგრესმენებისგან კიდევ ერთ კრიტიკულ გზავნილს იღებს. "საქართველოში პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის ფაქტორები, ქვეყნის დემოკრატიულ რეფორმებს და დასავლური ინტეგრაციის გზაზე სვლას პრობლემას უქმნის" - ამ შინაარსის წერილს ხელს კონგრესის 4 წევრი აწერს: წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკკოლი. ინფორმაცია twitter-ზე თავად კინზინგერმა გაავრცელა.  





დღის ამბები