26 თებერვალი 2020,   10:40
ვრცლად
წულუკიანისა და ლომჯარიას დაპირისპირება - არასამთავრობოები იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ

სასჯელაღსრულების სისტემაზე ომბუდსმენის ანგარიშში მოყვანილი პრობლემები, დღეს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის და სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ურთიერთბრალდებებმა გადაფარა.

ყველაზე დიდი აჟიოტაჟი მინისტრის მიერ ციხის ერთ-ერთ საკანში გადაღებული ვიდეოს დემონსტრირებას მოჰყვა, სადაც ომბუდსმენის წარმომადგენელს პატიმარი ყავას უდუღებს, მსჯავრდებულის სიგარეტს ეწევა და მის შოკოლადს მიირთმევს. სწორედ ეს ჩანაწერი გახდა დღეს არასამთავრობოების პროტესტის მიზეზი.

გასაჯაროებული კადრების გამო, არასამთავრობოთა ნაწილი იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. მინისტრი კი, თავის მხრივ ანგარიშს მონიტორინგს უწოდებდა და განაცხადა, რომ სახალხო დამცველი გასულ წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საერთოდ არ ყოფილა. იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველის ანგარიშს საკუთარი სტატისტიკა დაუპირისპირა. 

თეა წულუკიანის სტატისტიკურ ანალიზს ომბუდსმენი არ დაეთანხმა. მან საკუთარი თანამშრომლების მიერ სპეციალური მეთოდოლოგიით შემუშავებულ დასკვნაში კრიმინალური სუბკულტურის გაძლიერებასა და ციხეებში არაფორმალურ მმართველობაზე გაამახვილა ყურადღება.

​იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველს ტერმინოლოგიაც შეუსწორა და ციხეში ომბუდსმენის წარმომადგენლების ქცევა და ჩაცმულობაც დაიწუნა. კადრების შენახვა-გავრცელებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველს კითხვები აქვს, ომბუდსმენის ოფისი მისი კანონიერების შესწავლას აპირებს.

თუ კადრების შენახვის ხანგრძლივობას ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის, პროკურატურამ შესაძლოა გამოძიება თავად სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით დაიწყოს. დოკუმენტი განსახილველად საგამოძიებო უწყებას თავად წულუკიანმა გადასცა.

სამსაათიანი კამათის შემდეგ, საკუთარ განცხადებებთან დაკავშირებით, როგორც ლომჯარიას, ისე წულუკიანს,  განმარტებების გაკეთება მედიასთანაც მოუწიათ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას დღეს არც დამოუკიდებელი დეპუტატები და არც ოპოზიციის წარმომადგენლები დასწრებიან.

ომბუდსმენის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მონიტორინგი სასჯელაღსრულების 4 დაწესებულებაში 2019 წლის ივლისსა და აგვისტოს თვეში ჩატარდა.

 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები