26 თებერვალი 2020,   11:00
ვრცლად
ცხოვრება შიშის ქვეშ - რუსმა ოკუპანტებმა სოფელ გუგუტიანთკარში უკანონო ინსტალაციები აღმართეს  

სოფელ გუგუტიანთკარში უკანონო ინსტალაციების დამონტაჟება აგვისტოში დაწყებული პროცესის გაგრძელებაა. ადგილობრივების თქმით, გუშინ ხუთმა ე.წ. მესაზღვრემ ადგილზე, სადაც მანამდე მავთულხლართები იყო, რკინის ბოძები დაამონტაჟა. ოკუპანტები ამ კონსტრუქციაზე სავარაუდოდ მალევე ღობეს გაავლებენ.  

როგორც გუგუტიანთკარის მკვიდრი სარდიონ გუგუტიშვილი ამბობს, ოკუპანტების მიერ გავლებულ ახალ საოკუპაციო ხაზს მიღმა, სავარაუდოდ კიდევ ერთი სახლი მოექცევა. ოჯახმა წლების წინ საცხოვრებელი სწორედ ამ მიზეზით დატოვა. გატაცების შიშით ადგილობრივები წლებია საქონლის მოშენებაზეც უარს ამბობენ, რადგან არ სურთ, პირუტყვი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდეს.

რუსი ოკუპანტები ტერიტორიაზე დღეს არ გამოჩენილან. სოფელ გუგუტიანთკარსა და დისევს შორის არსებულ სიტუაციას ევროკავშირის მონიტორები აკვირდებიან. მისია უკანონო მოქმედებების შესახებ სავარაუდოდ განცხადებას უახლოეს მომავალში გაავრცელებს.

მედიის წარმომადგენლებთან ერთად დღეს ადგილზე შესვლას  ანტისაოკუპაციო მოძრაობაც ითხოვდა, თუმცა აქტივისტებს პოლიციამ ამის უფლება არ მისცა. 

კიდევ ერთი ადგილი, სადაც რუსი ოკუპანტები სავარაუდოდ ახალი ღობეების აღმართავს გეგმავენ, ჩორჩანა-პერევის მიმართულებით ტყის სიღრმეა, სადაც ოკუპანტებმა ხეებზე მონიშვნები უკვე გააკეთეს. ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ადასტურებს.

ის, რაც წნელისის და გუგუტიანთკარის მაცხოვრებლებს აწუხებთ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ გზების ჩაკეტვაა. ახალგორის გადასასვლელი ოსურმა მხარემ 5 სექტემბერს ჩაკეტა. დე ფაქტო ხელისუფლება გზის გახსნის ერთადერთ წინაპირობად წნელისში ქართული საპოლიციო საგუშაგოს აღებას ასახელებს. 

ავტორი: ლუკა ხაჩიძე, იზო ჩუბინიძე 

დღის ამბები