28 თებერვალი 2020,   07:15
ვრცლად
100/50-ზე - უმრავლესობის ბოლო შეთავაზება თუ ულტიმატუმი მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის წინ - ოპოზიცია მწვავე პროტესტისთვის ემზადება

პოლიტიკური დიალოგის მორიგ რაუნდამდე რამდენიმე დღით ადრე, პარლამენტის თავმჯდომარემ ოპონენტებს მმართველი გუნდის შეთავაზება შეახსენა და გააფრთხილა, რომ თუ პოლიტიკური პარტიები კომპრომისულ ვერსიას არ დათანხმდებიან, არჩევნებში საკუთარი ძალების მოსინჯვა კვლავ არსებული შერეული სისტემით მოუწევთ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება მუქარად და ულტიმატუმად აღიქვეს მოლაპარაკების მაგიდის მეორე მხარეს მსხდომმა ოპონენტებმა. მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის შეთავაზება 100/50-ზე კატეგორიულად მიუღებელია. ამბობენ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში მანდატების გადანაწილების ამგვარი პრინციპი უსამართლოა და პოლიტიკურ სუბიექტებს არათანაბარ პირობებში აყენებს. 

საარჩევნო მოდელებზე კამათის პარალელურად, მმართველ გუნდს ახალ ინციატივას სთავაზობს ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები." ყოფილი თანაგუნდელები, რომლებიც მოლაპარაკების მაგიდასთან ვერ მოხვდნენ, ხელისუფლებას მოუწოდებენ, არჩევნები ამომრჩევლებისთვის სავალდებულო გახადოს. 

მესამე სექტორის წარმომადგენლების ნაწილმა პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს ოპონენტებთან საუბრის ტონი დაუწუნა. არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ ქვეყნის საარჩევნო მომავალზე კონსენსუსის მისაღწევად შესაბამისი პირობა მმართველმა გუნდმა უნდა შექმნას და მასთან დიალოგში მყოფებს ულტიმატუმის ენით არ უნდა ესაუბროს. 

მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ დათმობაზე უკვე წავიდნენ, როცა ოპოზიციას კომპრომისულ ვერსიად 100/50-ზე შესთავაზეს, სადაც 100-მდე იზრდება პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების რიცხვი, მაჟორიტარების კი 50-მდე მცირდება.

მეხუთე რაუნდამდე რამდენიმე დღით ადრე საკუთარ მოლოდინებზე საუბრობენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომელთა ინიციატივითაც მოლაპარაკებები იმართება. ევროკავშირის ელჩმა დღეს კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. 

ოთხი უშედეგოდ დასრულებული შეხვედრის შემდეგ, მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან მიმდინარე თვის ბოლოს კვლავ დასხდებიან. პოლიტიკური დიალოგი ისევ დიპლომატიური კორპუსის მედიატორობით გაიმართება.

დღის ამბები