22 თებერვალი 2020,   22:27
ვრცლად
ოკუპანტები ჩორჩანა-პერევის მიმართულებით ახალი ტერიტორიის მითვისებას გეგმავენ - დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერმა დავით ქაცარავამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს ახალი ტერიტორიების მითვისებაზე საუბრობს. 

დავით ქაცარავას მტკიცებით, რუსი ოკუპანტები ჩორჩანა პერევის მიმართულებით აპირებენ მიითვისონ ტერიტორია, რომელიც საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ შედიოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში.

ქაცარავას თქმით, ოკუპანტები ნაცად მეთოდს მიმართავენ და ხეებს ნიშნავენ, სადაც, მისივე მტკიცებით, გაზაფხულზე მავთულხლართებს ვიხილავთ. 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა პოსტს ფოტომასალაც დაურთო.

"ამჯერად ოკუპანტებმა ჩორჩანა-პერევის მიმართულებით თავიანთ კარგად ნაცად მეთოდს მიმართეს: ტყეში საღებავებით მონიშნეს ადგილები, სადაც სავარაუდოდ, გაზაფხულზე, ახალ საოკუპაციო ღობეებს მივიღებთ. თუმცა, უკვე დღეს, ადგილობრივმა მოსახლეობამ ფაქტიურად დაკარგა შესაძლებლობა შევიდეს იქ, სადაც რამდენიმე თვის წინ უპრობლემოდ გადაადგილდებოდა.

საღებავებით მონიშვნასთან ერთად, ოკუპანტებმა იმაზეც იზრუნეს, რომ ტყეში მოხვედრის შემთხვევაში ადგილობრივები გააფრთხილონ ასეთი წარწერით (კადრში ჩანს აბრა) და მიანიშნონ არარსებულ საზღვარზე.

ამ და სხვა ნიშნულების გამოვლენისა და პრევენციის ნაცვლად, ხელისუფლება ჩვენი შეზღუდვითაა დაკავებული, თუმცა, ატოციდან ჩვენი გაყვანისა და საოკუპაციო ზოლზე გადაადგილების აკრძალვის მიუხედავად, ჩვენი გუნდი აგრძელებს 940 დღის წინ დაწყებულ სამოქალაქო პატრულირებას და წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ გადაღებულ ფოტო და ვიდეომასალას.

თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ ორად გაყოფილ ეკრანზე, სადაც თქვენგან მარცხნივ გამოჩნდება ის, რაც უკვე იყო, ხოლო მარჯვნივ ის, რაც ხდება დღეს. მსგავსების აღმოჩენა და პროგნოზის გაკეთება, რას შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს უახლოეს პერიოდში, ვფიქრობთ, არ გაგიჭირდბათ...

მარცხნივ გადაღებულ ფოტოზე 2019 წლის იანვარია, მასზე ჩორჩანის ტყეში გადაღებული მონიშვნები ჩანს: ოკუპანტებმა ყვითელი საღებავებით გზა მონიშნეს, ხოლო ამ ადგილების აღმოჩენის შემდეგ პოლიცია ჩვენ გვიმტკიცებდა, რომ ეს მონიშვნები მეტყევეების ნახელავი იყო.

მარჯვენა ფოტოზე 2020 წლის იანვარია და მასზე უკვე პერევის მიმართულებით, ტყეში გადაღებული მონიშვნებია გამოსახული. განსხვავება მხოლოდ ფერშია.
საოკუპაციო ხაზიდან შემოჭრის სიღრმე შეადგენს საშუალოდ 240 მეტრს, ხოლო ჩორჩანა-პერევის საოკუპაციო ხაზის სიგრძე რამდენიმე ათეული კილომეტრია,"- წერს ქაცარავა.

დღის ამბები