24 თებერვალი 2020,   03:17
ვრცლად
შეწყალების კრიტერიუმები კვლავ სადავოა - გადახედავს თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალ კრიტერიუმებს

პრეზიდენტის მიერ გამოცემული სადავო შეწყალების აქტების, სექტემბერში გამოცხადებული მორატორიუმის და წლის ბოლოს ახალი წესის შემუშავების ცუდ შედეგებზე საუბრობენ შეწყალების კომისიის ყოფილი ხელმძღვანელები.

ალეკო ელისაშვილი და ზვიად ქორიძე მიზეზად საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალების არასწორად შემუშავებულ  კრიტერიუმებს ასახელებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ შეწყალების ძველი დებულება შესაცვლელი არ იყო, სალომე ზურაბიშვილს კი ურჩევენ, კომპეტენტური ადამიანებისგან დაკომპლექტებული შეწყალების კომისია წარადგინოს.

შეწყალების კრიტერიუმების გადახედვის აუცილებლობას ვერ ხედავს პარლამენტის თავმჯდომარე. არჩილ თალაკვაძის თქმით, შეწყალების ახალი დებულების შემუშავებაში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად საკანონმდებლო ორგანოც ჩართული იყო.

პარლამენტთან ერთად ახალი კრიტერიუმების შემუშავებაში ჩართული იყო ასევე იუსტიციის სამინისტრო. მინისტრი თეა წულუკიანი ახალ დებულებაში ხარვეზებს ვერ ხედავს.

მმართველი გუნდის განცხადებებიდან გამომდინარე ოპოზიციას არ აქვს მოლოდინი, რომ შეწყალების წესი და პრაქტიკა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის პერიოდში დაიხვეწება. "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართვლოს" ლიდერები ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს.

შეწყალების აქტების დასაბუთება, რეალური კრიტერიუმები, მეტი საჯაროობა და საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულება - "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტებმა ღია დისკუსიის დროს შეწყალების უფლებამოსილების გამოყენებისას რამდენიმე საჭირო მექანიზმზე ისაუბრეს. სამოქალაქო სექტორის ნაწილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შემუშავებული ახალი კრიტერიუმების ხარვეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ ბოლო დროს ყველაზე რეზონანსული საქმე დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხი იყო, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა არ შეიწყალა.

არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის კრიტიკას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ დრომდე არ პასუხობენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, რომელიც შეწყალების პირველ სკანდალს უკავშირდება, "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას კითხვებს თავი აარიდა.

სკანდალური შეწყალებების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების მორიგი აქტი საშობაოდ, ახალი კრიტერიუმების შემუშავების შემდეგ გამოსცა. "კურიერის" ინფორმაციით, ადმინისტრაციაში 1200 მსჯავრდებულის საქმე იყო შესული. სალომე ზურაბიშვილმა 5 მსჯავრდებული შეიწყალა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 56-ე დადგენილებაში ცვლილებების შეტანის პროცესი ნოემბერში დაასრულა. ცვლილებების მიხედვით, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს პრეზიდენტი მაშინ შეიწყალებს, თუ სასჯელის 2/3 ექნება მოხდილი. უფრო ჰუმანური მიდგომები ექნება პრეზიდენტს იმ მსჯავრდებულების მიმართ, ვისაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, ხოლო უვადო პატიმრებს იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ მათ 20 წელი ექნებათ მოხდილი.

დღის ამბები