28 იანვარი 2020,   19:55
ვრცლად
ავიარეისები ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის - ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება ინიციატივით გამოდის

ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის ავიარეისების დანიშვნის ინიციატივით გამოდის. როგორც რუსული მედია წერს, ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ტრანსპორტის მინისტრმა, ჰაიდარ-ბეკ ბუტოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ავიამარშრუტის დანიშვნის იდეას მხარს უჭერენ საქართველოს და ჩრდილოეთ ოსეთის აეროპორტების, ტუროპერატორებისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.

მთავარ მიზეზად ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა ზემო ლარსთან სატრანსპორტო რიგებს ასახელებს და ფიქრობს, რომ ფრენები პრობლემას მოაგვარებს.

ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლების ინიციატივას საქართველოში გამოხმაურება უკვე მოჰყვა. პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ამბობს, რომ თუკი ავიამიმოსვლა ტურიზმს მოემსახურება, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

"თუ ვიღაცას ფულის გაკეთება უნდა და ისარგებლებს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მაგრამ, ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება რატომ უნდა გამოდიოდეს ამ ინიციატივით? ზოგადად, თუ იქნება კავშირები რუსეთის ქალაქებთან და ამ შემთხვევაში, ეს ტურიზმს მოემსახურება, არავითარი პრობლემა არ არის. რა განსხვავებაა, ვლადიკავკაზიდან იფრენს, როსტოვიდან თუ სოჩიდან?!“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ ავიაბაზარი დივერსიფიცირებული უნდა იყოს და ის რუსეთის ინსტრუმენტი არ უნდა გახდეს.

"საკითხი არ არის იმაში, ფრენები იქნება თუ არა მტრული სახელმწიფოს ამა თუ იმ წერტილიდან. მთავარი საკითხია, რომ ჩვენ არ უნდა გვყავდეს მთავრობა, რომელიც შეიძლება შემდეგ მძევლად იქცეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისას, ამ საკითხების შემოტრიალებით. მაგალითად, ფრენებს აგიკრძალავთ და ამიტომ თქვენ ახლა არ უნდა დაიცვათ თქვენი მოქალაქეები, რომლებიც მოკლეს ჩვენმა მარიონეტებმა. მაგალითად, ოთხოზორიას საქმე, არ უნდა შეგვაწუხოთ, თორემ ფრენებს აგიკრძალავთ. ანუ, ისეთივე დივერსიფიცირებული უნდა იყოს როგორც ტურიზმი და ეკონომიკა, რომ ეს ინსტრუმენტი პუტინის რუსეთს ხელში არ ჰქონდეს,“ - აცხადებს გიგა ბოკერია.

დღის ამბები