28 იანვარი 2020,   21:43
ვრცლად
ამ პროექტით, რუსეთს ტანკების კომფორტულად შემოყვანის საშუალებას ვაძლევთ - ხაზარაძე კობი-ქვეშეთის გზის მშენებლობაზე

საქალაქო სასამართლოში, ამ წუთებში TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს. როგორც წინა სასამართლო პროცესზე დააანონსეს, ბრალდებულებმა, პროტესტის ნიშნად, სასამართლოში მიმდინარე საქმის შესახებ საუბარი მართლაც შეწყვიტეს და მხოლოდ იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც დღეს ქვეყნის წინაშე დგას.

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ორი პროექტი განიხილეს. პირველი იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის განხორციელების ინტერესი, მათი თქმით, სახელმწიფოს არ აქვს. ამის ერთ-ერთ ინდიკატორად ისინი იმ ფაქტს ასახელებენ, რომ სახელმწიფომ ტვირთის დაზღვევა არ უზრუნველყო.

მეორე პროექტი, რაზეც მათ ისაუბრეს, არის კობი-ქვეშეთის გზის მონაკვეთი, სადაც სახელმწიფომ გამოიჩინა ინიციატივა, რომ აქტიურად ყოფილიყო ჩართული. როგორც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ეს პროექტი რუსეთის ინტერესებს ემსახურება. 

"ჩვენ ჩვენი ფულით, სახელმწიფო ბიუჯეტით და მოზიდული ვალით, რომელიც შეადგენს ნახევარ მილიარდ ლარს, ვიღებთ და ვდებთ პროექტში, რომლითაც ვაძლევთ კომფორტულად ახალი ტანკების შემოსვლის შესაძლებლობას რუსეთს. იმ ქვეყანას, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული. რა ეკონომიკური ბენეფიტი აქვს ამას ჩვენი ქვეყნისთვის?!"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვს პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ მოწმეები პროკურატურის ბრალდებას ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით არ დაადასტურებენ. 

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

დღის ამბები