06 აპრილი 2020,   06:26
ვრცლად
თავისუფლება ვაჟა ექიმს - საოკუპაციო ხაზთან ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

თავისუფლება ვაჟა ექიმს - ეს მოწოდება საოკუპაციო ხაზთან დღეს არაერთხელ გაისმა. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მიერ ორგანიზებულ აქციას თბილისიდან და რეგიონებიდან საქართველოს ათასობით მოქალაქე შეუერთდა. სოფელი ოძისიდან ცხინვალის მიმართულებით გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა სიმბოლურად თეთრ ბუშტებზე მიმაგრებული ექიმის ხალათიც გაუშვეს, რითაც ოკუპანტებს კიდევ ერთხელ შეახსენეს რომ მედიცინას საზღვრები არ აქვს.

საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფ ექიმს სოლიდარობა კოლეგებმაც გამოუცხადეს. ოძისში შეკრებილმა მედიკოსებმა ოკუპანტებს საერთაშორისო სამართლის ნორმების შესრულებისკენ მოუწოდეს.

ოკუპაციის ხაზთან ახლოს ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმაც გააპროტესტეს. ზეპარტიული საკითხი, რომელიც ქართული და საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირების მიზეზი უნდა გახდეს - ამ მოწოდებას დღეს პარტიული კუთვნილების მიუხედავად ყველა იზიარებდა.

დატყვევებული ექიმის ოჯახის მიერ ორგანიზებულ აქციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც გამოჩნდნენ. მმართველი გუნდის წარმომადგენლების მტკიცებით, ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ექიმის გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს. ოცნების დეპუტატების აქციაზე გამოჩენას მცირე ინცინდენტებიც მოჰყვა.

ვაჟა გაფრინდაშვილი არის თავისუფლების სიმბოლო - ასე აფასებდნენ ცნიბილი ექიმის ქმედებას აქციაზე მოსული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ე.წ. საოკუპაციო ხაზთან ახლოს დღეს ყველა შეთანხმდა, რომ ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მთელი ქვეყნის პრიორიტეტად უნდა იქცეს. 

ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე 37 დღეა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეობაში რჩება. სოფელ ოძისთან ახლოს ოკუპანტებმა გაფრინდაშვილი მაშინ დააკავეს, როცა ის ე.წ. საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას პაციენტის დასახმარებლად ცდილობდა. ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. ექიმი კი საქართველოს საზღვარს მხოლოდ ფსოუსა და როკის გვირაბზე გავლით აღიარებს.

დღის ამბები