24 თებერვალი 2020,   06:55
ვრცლად
კონსერვატორების გამარჯვებას ლონდონში პროტესტი მოჰყვა - ბორის ჯონსონი გეგმების შეცვლას არ აპირებს

დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ბორის ჯონსონის პარტიის გამარჯვებას ლონდონში პროტესტი მოჰყვა. "ბორის ჯონსონი ჩემი პრემიერი არ არის" - აცხადებდნენ შეკრებული მომიტინგეები.

დემონსტრანტები თავდაპირველად მთავრობის მეთაურის რეზიდენციასთან შეიკრიბნენ და იქიდან მსვლელობა მოაწყვეს. მოგვიანებით აქტივისტებმა გზების გადაკეტვა სცადეს, რასაც პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა. ინციდენტისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

"უკმაყოფილი და იმედგაცრუებული ვარ შედეგებით. ვერ წარმომიდგენია, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში კიდევ მათ უნდა ჰქონდეთ ძალაუფლება. სწორედ ამას ვაპროტესტებ," - აცხადებს აქციის მონაწილე შერილ ტომპსეტი.

მმართველი პარტიის პოლიტიკური ოპონენტები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების სავალალო შედეგებზე საუბრობენ. უფრო მეტიც, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ჯერემი კორბინი ამბობს, რომ ჯონსონი დიდ ბრიტანეთს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანს.

"ცხადია შედეგების გამო ძალიან ვწუხვარ. ჩვენ დავკარგეთ ადგილები. ახლა ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის სამწუხარო ისაა, რომ ეყოლება მთავრობა, რომელიც უფრო მძიმე სოციალურ ფონს შექმნის. ბრიტანეთის ეკონომიკა კიდევ უფრო გაუარესდება." - აცხადებს კორბინი.

მკაცრი განცხადებებისა და პროტესტის მიუხედავად გეგმების შეცვლას არ აპირებს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი. მით უმეტეს იმ ფონზე როდესაც კონსერვატორებს 1987 წლის შემდეგ ასეთი უპრეცედენტო გამარჯვება არ მოუპოვებიათ. შესაბამისად, ჯონსონი მინიჭებული მანდატის ფარგლებში ევროკავშირის დატოვებას 31 იანვრამდე აპირებს.

"გვახსოვდეს, რომ ჩვენ ახლა მსახურები ვართ და ჩვენი საქმეა მოქალაქეებს მოვემსახუროთ და ამ ქვეყნის პრიორიტეტების მიხედვით ვიმოქმედოთ. სწორედ ამიტომ "ბრექსითი" ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ასევე უნდა გავაუმჯობესოთ ჯანდაცვის, განათლების, უსაფრთხოებისა სფეროები. სწორედ ამაზე ვაპირებთ ფოკუსირებას," - აცხადებს ბორის ჯონსონი.

ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 12 დეკემბერს გაიმართა. ბორის ჯონსონის ლიდერობით კონსერვატიულმა პარტიამ ხმების უმრავლესობა მოიპოვა და პარლამენტში 650-დან 365 ადგილს დაიკავებს. "ბრექსითის" შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო ბრიტანეთში ბოლო ოთხ წელიწადში არჩევნები უკვე მესამედ ჩატარდა.

 

დღის ამბები