24 თებერვალი 2020,   06:42
ვრცლად
20 ივნისიდან დღემდე 122 ადამიანზე აღიძრა საქმე, ოპოზიციის შეფასებით ეს ადამიანები პოლიტიკურად დევნილები არიან

აქციებისა თუ კონტრ-აქციების პარალელურად, მოლაპარაკებების მაგიდასთან ხვალ ოპოზიციის და ხელისუფლების ლიდერებს ისევ ვიხილავთ. 

საარჩევნო სისტემაზე მსჯელობა კვლავ დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით გაიმართება.

ოპოზიციამ დიპლომატებს 122 კაციანი სია გადასცა. დოკუმენტში შეყვანილია ყველა ის ადამიანი, ვის წინააღმდეგაც 20 ივნისიდან დღემდე საქმე აღიძრა და ოპოზიციის შეფასებით მათ ხელისუფლება პოლიტიკურად დევნის.

დღევანდელ შეხვედრას 5 ისეთი პოლიტიკოსი ესწრებოდა, რომელთა წინააღმდეგაც  გამოძიება სხვადასხვა მუხლით მიმდინარეობს.

ბრალდებებს ოპონენტების პოლიტიკურ დევნაზე არ იზიარებენ მმართველ გუნდში, "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

პოლიტიკური დევნის გარდა ოპოზიციამ დღეს დიპლომატებთან საარჩევნო სისტემაზეც ისაუბრა. შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციის წევრებმა აღნიშნეს, რომ უმრავლესობის მიერ გუშინ წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებები არც კი განუხილავთ, მთავარი თემა ისევ ე. წ. გერმანული მოდელი იყო.

დიალოგის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას მმართველი გუნდიც. ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის მოსაზრებით, გადაწყვეტილებები მხარეებმა  სწორედ მაგიდასთან უნდა მიიღონ.

დიალოგის მორიგ რაუნდზე ოპოზიცია "გერმანულ მოდელს", მმართველი გუნდი კი საკონსტიტუციო ცვლილებებს წარადგენს. შინაარსით დოკუმენტები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.

პარალელურად ოპოზიცია  ეუთო/ოდირის დასკვნას ელოდება, საერთაშორისო ექსპერტებმა ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტის კონსტიტუციასთან შესაბამისობა უნდა დაადგინონ.

დღის ამბები