21 იანვარი 2020,   08:50
ვრცლად
ნიკა მელია დეპუტატი აღარ არის - სასამართლოში გამართლების შემთხვევაში "ოცნება" მას კომპენსაციას ჰპირდება

88 ხმით არც ერთის წინააღმდეგ ნიკა მელიას დღეს მმართველმა გუნდმა უფლებამოსილება ერთხმად შეუჩერა. საჭირო 76 ხმის ნაცვლად "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის პარლამენტიდან გაძევებას ხმა 88 დეპუტატმა მისცა.

"ქართულ ოცნებაში" აღმოჩნდნენ ისეთი დეპუტატები, რომლებიც მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას ეწინააღმდეგებოდნენ, მათ კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღეს.

ვიდრე ნიკა მელიას საქმეზე ყველა ინსტანცია არ იმსჯელებს, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა დაუშვებლად მიაჩნიათ დამოუკიდებელ დეპუტატებსაც.

დღევანდელის სხდომის დასრულების შემდეგ "ქართული ოცნების" წევრებმა განმარტეს, თუ რატომ შეუწყვიტეს კოლეგას უფლებამოსილება, მათი თქმით, ფორმალური პროცედურის მიზანი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება იყო. თუ შემდეგი ინსტანციები მელიას გაამართლებს, უმრავლესობის დეპუტატები მას კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციას ჰპირდებიან.

უკვე არადეპუტატმა ნიკა მელიამ ყოფილ კოლეგებს სახლიდან უპასუხა. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ამბობს, რომ დაკვეთა ბიძინა ივანიშვილისგან მოდიოდა. მელია ხელისუფლებას ჰპირდება, რომ პოლიტიკურად კიდევ უფრო იაქტიურებს.

"გავაგრძელებ ბრძოლას, ისევე როგორც ვაგრძელებდი ოლიგარქიის წინააღმდეგ"- აცხადებს მელია.

საპარლამენტო ოპოზიციის აზრით, ნიკა მელიას პარლამენტიდან გაძევება პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი იყო. დღეს თანაგუნდელები და ყოფილი თანაგუნდელები ამბობდნენ, რომ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული გადაწყვეტილება არც სამართლიანი იყო და არც სამართლებრივი.

ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება მას შემდეგ შეუწყვიტეს, რაც ბანკი "ქართუს" გაკოტრების საქმეზე სასამართლოს პირველმა ინსტანციამ ერთ-ერთ ეპიზოდში მელია დამნაშავედ ცნო და 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს 25 000 ლარიანი ჯარიმაც დაეკისრა. ნიკა მელია ბოლო სამი მოწვევის პარლამენტში პირველი და საქართველოს ისტორიაში მესამე დეპუტატია, რომელსაც კოლეგებმა მანდატი იძულებით ჩამოართვეს.

დღის ამბები