21 იანვარი 2020,   10:39
ვრცლად
კონსერვატორიაში საახალწლო მუსიკალური შეხვედრები იწყება - რუდოლფ ლუტცის კონცერტი თბილისში

კონსერვატორიის დიდ დარბაზში საახალწლო მუსიკალური შეხვედრები იწყება. 15-დან 27 დეკემბრის ჩათვლით ფესტივალი ქართველი და მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსების კონცერტებს უმასპინძლებს. 

ცნობილი ორღანისტი, კომპოზიტორი და დირიჟორი რუდოლფ ლუტცი კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტს, საახალწლო მუსიკალური შეხვედრების ფარგლებში გამართავს. ფესტივალი წელს უკვე ოცდამეორედ იმართება და 1997 წლიდან დღემდე, ტრადიციულად დეკემბრის მეორე ნახევარში თავს უყრის ქართველ შემსრულებლებსა თუ მსოფლიოში სახელგანთქმულ უცხოელ მუსიკოსებს. ტიტულოვანი და შვეიცარიის მთავარი მუსიკალური პრიზის მფლობელი ორღანისტი 2018 წელს ბახის შემოქმედების იდეალურ დირიჟორად დასახელდა. 15 დეკემბერს მუსიკოსი სწორედ ბახის იტალიური კონცერტის პირველ ნაწილს და ქართული საშობაო მელოდიების პოპურსაც შეასრულებს.

საახალწლო მუსიკალური შეხვედრების პირველი ნაწილი კლასიკური მუსიკის შემსრულებლებს დაეთმობა. ლუტცის გარდა კონსერვატორიის დიდ დარბაზში ვირტუოზი პიანისტი დევიდ ფრეი წარსდგება და ბახის გოლდბერგის ვარიაციებს შეასრულებს.

პიანისტი ანტონიო ფარაო, ბასისტ ამინ სალიმთან და დრამერ მაიკლ ბეიკერთან ერთად, 17 დეკემბერს იმპროვიზირებულ ჯაზურ საღამოს გამართავს. მაიკლ ბეიკერი, როგორც სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული დრამერი თვრამეტი წლის მანძილზე მსოფლიოში სახელგანთქმული ვარსკვლავის უიტნი ჰიუსტონის მუსიკალური დირექტორი და დრამერიც იყო.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ქართველი პიანისტის გიორგი გიგაშვილის კონცერტი, საგუნდო მუსიკის ზეიმი კი მსმენელს იოსებ კეჭაყმაძის 80 წლის საიუბილეო საღამოზე ელოდება.

საახალწლო მუსიკალური შეხვედრები კონსერვატორიაში კამერული მუსიკის კონცერტით დასრულდება.

 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები