28 თებერვალი 2020,   06:03
ვრცლად
გახარია, სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

სუამ-ის პლენარული სხდომის მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ხვალ კი, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ გახარიას შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართება. საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე შეხვდება უკრაინის პრემიერ-მინისტრ ალექსი გონჩარუკს და უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა იმ აქტივობების შესახებ ისაუბრა, რომელიც პრემიერი უკრაინაში ვიზიტის ფარგლებშია დაგეგმილი:

"განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და რა თქმა უნდა ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ორივე სახელმწიფო, საქართველო და უკრაინა და ის ერთობლივი ძალისხმევები, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ იმისათვის, რომ დავძლიოთ ეს გამოწვევები. აქვე საუბარი იქნება იმაზე, რომ გაფორმდება ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებას და ეს კონკრეტული დოკუმენტი იქნება საფუძველი იმისა, რომ თანამშრომლობის ყველა მიმართულებით ჩვენ გვქონდეს უფრო მეტად დაახლოებული პოზიციები და უფრო მეტი თანხვედრა, ასევე ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სუამ-ის ქვეყნების პრემიერ-მინისტრების შეხვედრაში," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები