19 იანვარი 2020,   20:39
ვრცლად
დაუფიქრებლობა თუ მტრის წისქვილზე წყლის დასხმა - პრეზიდენტის განცხადებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ქართულ ჯარზე გაკეთებულმა განცხადებამ უარყოფითი შეფასება ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ერთნაირად გამოიწვია. პრეზიდენტის განცხადებებზე დღეს ბოდიშის მოხდა პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მოუწია. არანაკლებ მწვავე იყო თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის რეაქცია. განცხადებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა დღეს ახსნა-განმარტებაც გაავრცელა.

შეცდომა და ქვეყნის შეურაცხყოფა - სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ოკუპანტების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედაც გამოეხმაურა. ჯულიეტა ჭანტურიას აზრით, იმაზე საუბარი, რომ საქართველოს ჯარი არ ჰყავს, რუსეთის ინტერესშია.

პირველი სამთავრობო უწყება, რომელმაც პრეზიდენტი გააკრიტიკა, თავდაცვის სამინისტრო იყო. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ღიად განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის დისკრედიტაციაში დაადანაშაულეს მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა, რომლებიც ათონელის რეზიდენციასთან დილიდან შეიკრიბნენ. პრეზიდენტის სასახლესთან აქციები ერთმანეთის მიყოლებით იმართებოდა. 

პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს ოპოზიციაც. პოლიტიკოსები სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს მავნებლობად აფასებენ და ამბობენ, რომ მას მთავარსარდლის სტატუსი არ უნდა ჰქონდეს. დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი უფრო რადიკალურია და პრეზიდენტის გადადგომასაც კი ითხოვს.

დღეს პრეზიდენტი ყველა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ გააკრიტიკა. პოლიტიკოსები ზურაბიშვილისგან ქართული ჯარისათვის მიყენებული შეურაცხყოფისთვის ბოდიშს ითხოვენ.

სალომე ზურაბიშვილი დღეს თანაგუნდელებმაც მწვავედ გააკრიტიკეს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯარისკაცებს ბოდიშიც კი მოუხადა. მთავრობის წევრები შეეცადნენ განემარტათ,  რას გულისხმობდა მთავარსარდალი.

განცხადება, რომლის გამოც პრეზიდენტი ახალ სკანდალში გაეხვა, სალომე ზურაბიშვილმა სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.

რისი თქმა სურდა სალომე ზურაბიშვილს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს საგანგებო განცხადებით განმარტა. უწყების განმარტებით, პრეზიდენტის გამოსვლა კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი და, სინამდვილეში, ქართული ჯარის დაკნინებას არ ემსახურებოდა. კიდევ ერთი განცხადება ზურაბიშვილმა უკვე საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოება ბულინგში დაადანაშაულა.

წერილობითი განცხადებების გარდა პრეზიდენტს განმარტებები აღარ გაუკეთებია. დღეს სალომე ზურაბიშვილი თითქმის ყველა სამთავრობო უწყებამ და პარტიამ გააკრიტიკა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები