29 იანვარი 2020,   20:52
ვრცლად
პარლამენტს მოვუწოდებთ, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობა დაამტკიცოს - GDI

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, არ შეავსოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების ვაკანტური თანამდებობები სრულად და მოსამართლეთა მხოლოდ ის მინიმალური ოდენობა დანიშნოს, რომელიც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის.

განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ გაავრცელა, ნათქვამია, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ცალსახა უარყოფით შეფასებას იმსახურებს. ორგანიზაცია კანდიდატთა კვალიფიკაციას და კეთილსინდისიერებასაც ეჭვქვეშ აყენებს. 

"ახალი რეგულირების პირობებში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკანონმდებლო ორგანოს 20 კაციანი სია წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ მათი შერჩევის პროცესიც ცალსახად უარყოფითად შეფასდა. სიაში ძირითადად, გავლენიანი მოსამართლეები ან მათთვის მისაღები კანდიდატები, აგრეთვე ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები მოხვდნენ.

კანდიდატთა მოსმენები იურიდიულ კომიტეტში გამჭვირვალედ წარიმართა. კანდიდატთა ნაწილი, ხშირ შემთხვევაში, ვერ პასუხობდა ელემენტარულ სამართლებრივ შეკითხვებსაც კი. იშვიათი გამონაკლისების გარდა, კანდიდატების სამართლებრივი მსჯელობის უნარი იყო დაბალი, მათი პასუხები კი - დაუსაბუთებელი. ზოგიერთმა კანდიდატმა უარი განაცხადა კონკრეტული სუბიექტების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემაზე.

იყო დაუსაბუთებელი და გამოგონილი საფუძვლით შეკითხვებზე თავის არიდების შემთხვევებიც. კანდიდატების უმრავლესობა არაადეკვატურად აღიქვამს სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს, ვერ ხედავს როგორც წარსულში, ასევე ამჟამად სასამართლოში არსებულ პრობლემებს, ან არ სურს ისაუბროს ამ პრობლემებზე; პრეტენდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი ღიად უჭერს მხარს სასამართლოში არსებულ "კლანს", ერიდება განსხვავებული აზრის დაფიქსირებას, რაც მათ შინაგან თავისუფლებაზე, ღირებულებებზე და მორალურ სიმტკიცეზე დადებითად არ მეტყველებს,"- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

დღის ამბები