29 იანვარი 2020,   21:34
ვრცლად
დამოუკიდებელი დეპუტატები ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხში არსებულ კითხვის ნიშნებზე საუბრობენ

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით კენჭისყრას მხარს არ დაუჭერენ. დეპუტატები აცხადებენ, რომ ნიკა მელიას საქმეზე კითხვის ნიშნები არსებობს.

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაშის განცხადებით, ნიკა მელიასთვის ახალი ბრალდების წამოყენება საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებას ხელს არ უწყობს.

"უმწვავესი პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, ნიკა მელიასთვის ახალი, ალტერნატიული ბრალდების წამოყენება არ უწყობს ხელს პოლარიზაციის შემცირებას ჩვენს საზოგადოებაში. დიდი ალბათობით, მე ამჯერადაც გავემიჯნები ამ პროცესს," - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ მხოლოდ იურიდიულ ნორმებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას არ ენდობა და მხარს არ დაუჭერს.

"მხარს არ დავუჭერ იმას, რომ საქართველოს პარლამენტის წევრს, ამ შემთხვევაში ბატონ მელიას, შეუწყდეს უფლებამოსილება. ეს ჩემთვის მიუღებელია. მარტო იურიდიულ ნორმებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს ვერ ვენდობი, მაშინ მით უმეტეს, როდესაც კითხვები ჩნდება რატომ გაახსენდა ახლა იურიდიულ პროცესს," - ამბობს ბიძინა გეგიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ კენჭისყრის პროცედურისთვის მინიმუმ 3 ინსტანცია უნდა იყოს გავლილი. პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის თქმით, არ არის გამორიცხული სასამართლომ ნიკა მელია გაამართლოს, რის გამოც შესაძლებელია კაზუსიც დადგეს.

"მე არ დავუჭერ მხარს იმიტომ, რომ მე მიმაჩნია, როგორც მინიმუმ უნდა გავიაროთ ყველა სამი ინსტანცია იმიტომ, რომ არ არის გამორიცხული სასამართლომ გაამართლოს ნიკა მელია და მაშინ უკვე შეიძლება ასე ვთქვათ კაზუსიც კი დადგეს იმიტომ, რომ მისი აღდგენის საშუალება აღარ იქნება, მაგრამ ის ასე ვთქვათ გამართლებული იქნება და ვალდებულება ექნება პარლამენტს," - აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

თამარ ხულორდავას თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა და მას სჭირდება საფუძვლით და არგუმენტებით გამყარება.

"რა მოტივით არ დავუჭერ მხარს? იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საფრთხილო გადაწყვეტილება და მე არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას დავუჭირო მხარი. ამას სჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გამყარება საფუძვლებით, რომელიც ჩემთვის ცნობილი არ არის," - აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ ხულორდავა.

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე კენჭისყრა ხვალ არის ჩანიშნული. რეგლამენტის გათვალისწინებით, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას, სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

დღის ამბები