22 იანვარი 2020,   01:28
ვრცლად
ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტთან - მხარეები გვიან ღამემდე იკითხებოდნენ 

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე მხარეები პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ. მათ შორის იყო თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილიც.  

მოწმეებთან გამოძიებას კითხვები მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჰქონდა. განყოფილებიდან გამოსულების თქმით, ისინი ინციდენტში მონაწილეებს არ იცნობდნენ და ამბობენ, რომ ჩხუბში მხოლოდ თავდაცვის მიზნით ჩაერთვნენ. მომხდარზე გამოძიება ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლებით მიმდინარეობს.

"ეს იყო პროვოკაციის მიზნით მოწყობილი ამბავი. კონკრეტული შეკითხვები ჰქონდათ. ვინ იყვნენ ის პიროვნებები, საიდან მოვიდნენ. მონაწილეობას ვიღებდი გაშველებაში, ვცდილობდი გამეშველებინა, მაგრამ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ვცადე ხელით გამეშველებინა, არ გამოვიდა," - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ინციდენტს იხსენებს დაპირისპირებაში მონაწილე ლაშა ჭიღლაძე. მისი თქმით, უცნობი პირები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და აგრესიული ქმედებებით გამოირჩეოდნენ. 

"ერთ-ერთი ვიღაც ზონდერი, 20 ლარიანი ბომჟი, რომელიც მოვიდა, აგვიტეხა ჩხუბი. დავარტყი სახეში წიხლი, რომ თაზო კოშაძე გამეგდებინებია, თუ არადა მოგუდავდა. კადრებში ჩანს, რომ საპატრულო პოლიციელიც ვერ აგლიჯავდა, ყელში ჰქონდა წაჭერილი. არ ვიცი ვინ იყვნენ, იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში და იყვნენ აგრესიულები,“ - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლაშა ჭიღლაძემ. 

ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება უცნობ მოქალაქესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ "ქართული ოცნების" პოლიტიკას აპროტესტებენ, გვიან ღამით მოხდა. ვითარება საქმეში პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

დღის ამბები